რა არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო?4442 2012.08.12
რა არის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო?
მნიშვნელოვანია, გვქონდეს ინფორმაცია ერთ–ერთი ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ, რომელიც შექმნილია იგივე დასახელების საქართველოს კანონის მიხედვით. ის, რაც ადრე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სახელით იყო ცნობილი, შემდგომი რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა სახელმწიფო სერვისების განვითარებისსააგენტოდ. სააგენტო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსმმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.იმისთვის რომ უკეთ გავიგოთ, თუ რა უფლება–მოვალეობები გაჩნია ამ სააგენტოს, ისევ და ისევ კანონს მოვიშველიებ და მის მიზნებსა და ფუნქციებს გაგაცნობთ. რაც მიზნებს შეეხება, მათი არც ისე ვრცელი, თუმცა მნიშვნელოვანი ჩამონათვალი გვაქვს. ესენია:

  • სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა;
  • ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და რეფორმების მხარდაჭერა;
  • სამოქალაქო რეესტრის წარმოება და მუდმივი სრულყოფა;
  • ამ კანონითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება.

ფუნქციები კი მართლაც ბევრი და საკმაოდ მრავალფეროვანია:

  • საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პირთა აღრიცხვისა და მათზე დოკუმენტების გაცემის მოწესრიგებული სისტემის შექმნა და შეუფერხებელი ფუნქციონირება, ასევე შესაბამის მონაცემთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • სახელმწიფო მომსახურებების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული იდეების ინიციირება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  • ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიციირება და განხორციელება;
  • სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მხარდაჭერა მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
  • სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;
  • საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხების განხილვა და შესაბამისი დასკვნების გაცემა;
  • საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა;
  • მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა;
  • ბინადრობის ნებართვისა და ვიზის გაცემა;
  • საქართველოს მოქალაქის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და აღრიცხვიდან მოხსნა;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვა;
  • სხვა სახელმწიფოში გასაგზავნად განკუთვნილი, საქართველოში გაცემული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლ ეგალიზაცია და აპოსტილით დამოწმება;
  • მისი უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების კანონით დადგენილი წესით განხილვა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება;
  • საკუთარი მიზნების მისაღწევად საჭირო სხვა ფუნქციების შესრულება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

გეტყვით იმასაც, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. სააგენტოს თავმჯდომარე წარმოადგენს სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ უფლებამოსილებებს სააგენტოში. მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით. კანონი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ გამოქვეყნდა 2012 წლის 25 მაისს და გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს ამოქმედდა. თუ გაქვთ ისეთი პრობლემა ან გადასაჭრელი საკითხი, რომელიც ამ კანონის რეგულირების სფეროშია, შეგიძლიათ მიმართოთ აღნიშნულ სააგენტოს, მიიღოთ საჭირო ინფორმაცია და მოაგვაროთ წამოჭრილი საკითხი.