ჰაერი – რომლითაც ვსუნთქავთ…2421 2012.11.04
ჰაერი – რომლითაც ვსუნთქავთ…
თუ გსმენიათ რაიმე კანონზე – ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ? ჰაერი – ეს ხომ უპირველეს საჭიროებას წარმოადგენს ჩვენი სიცოცხლისთავის. მისი დაბინძურება კი პირდაპირ მოქმედებს ჯანმრთელობაზე და უამრავ დაავადებას იწვევს. არსებობს კანონში გადმოცემულ დებულებათა ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ დაცვას საჭიროებას ატმოსფერული ჰაერი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:
  • ხელი შეუწყოს გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის ძირითადი უფლებების – ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი – უზრუნველყოფას;
  • უზრუნველყოს გარემოს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტის _ ატმოსფერული ჰაერის დაცვა საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად და ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით;
  • სამართლებრივად უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში საერთო გლობალური და რეგიონალური პრობლემების გადაჭრა.

კანონის ერთ–ერთ მიზანს ისიც წარმოადგენს, რომ საზოგადოებამდე მიიტანოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გაატაროს გარემოს დაცვის მსოფლიოში აღიარებული პრინციპები. ატმოსფერულ ჰაერზე მავნე ანთროპოგენური ზემოქმედების სახეებია:

  • ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურება;
  • ატმოსფერულ ჰაერზე რადიაციული ზემოქმედება;
  • ატმოსფერული ჰაერის მიკროორგანიზმებითა და მიკრობული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით დაბინძურება;
  • ატმოსფერულ ჰაერზე ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური ველებისა და სხვა სახის ფიზიკური ზემოქმედება.

ატმოსფერული ჰაერის ადამიანის ჯანმრთელობისა და ბუნებრივი გარემოსათვის უსაფრთხო მდგომარეობის მიღწევის, შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ, სამეურნეო, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ-სამართლებრივ და საზოგადოებრივ ღონისძიებათა განხორციელებას, რომელთა ერთობლიობა შეადგენს ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემას. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურებისაგან დაცვის სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი პირობებია:

  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების დადგენა;
  • ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის (ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვების სისტემის) ორგანიზება;
  • ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების რეგულირება.

კანონის მიზნებისათვის, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახეებია:

  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან;
  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მობილური წყაროებიდან;
  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების დისპერსიული წყაროებიდან;
  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა დაბინძურების მცირე მასშტაბის წყაროებიდან.

კანონით განსაზღვრული დებულებებისთვის ყურადღების მიქცევა პირველ რიგში ჩვენს ინტერესებშია, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა ყველაზე მეტადაა დამოკიდებული ჰაერის სისუფთავეზე.