2556
2012.11.12
კანონით აღიარებული – ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი
ჯანდაცვაზე თითქმის ყოველდღიურად უამრავ რესურსს ვხარჯავთ. მოვითხოვთ როგორც მედიკამენტების უმაღლეს ხარისხს, ასევე ექიმების მაღალპროფესიონალიზმს, რათა დაცული იყოს ყველაზე მთავარი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი – ჩვენი ჯანმრთელობა. თუმცა ხშირად, ყველა წესის დაცვას სხვისგან უფრო ვითხოვთ, ვიდრე საკუთარი თავისგან. მზად ვართ არა–ერთი საშიში და მტკივნეული პროცედურისთვის, და ხშირად მხოლოდ იმიტომ რომ არ გვსურს უარი ვთქვათ ისეთ ზიანზე ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რომელსაც სწორედ მოწევა გვაყენებს. მერე რა რომ სიგარეტის თითოეულ კოლოფს აწერია გაფრთხილება – მოწევა კლავს. საქართველოს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით საქართველოს კანონის – თამბაქოს კონტროლის შესახებ – განსაზღვრავს და აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს თამბაქოს კონტროლის სფეროში. კანონი აღიარებს შემდეგ პრინციპებს:
თამბაქოს აღიარებას ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქტად;
არამწეველობის, როგორც ცხოვრების ნორმის, აღიარებას;
არამწეველთა თამბაქოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის უფლებების აღიარებას;
მოსახლეობის ინფორმირებას თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ;
თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის და მოხმარების დაწყების პრევენციის ხელშეწყობას;
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას;
მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
თამბაქოს ნაწარმის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობას;
თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და რეალიზაციის კონტროლს;
თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნილებისა და ხელმისაწვდომობის შემცირებას;
თამბაქოს ნაწარმის დაუბეგრავი და გაუპიროვნებელი გაყიდვის აკრძალვას;
საზოგადოების მონაწილეობას თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავებაში, განხორციელებასა და შეფასებაში;
თამბაქოს რეკლამისაგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და მისი ზემოქმედებისაგან დაცვის უფლებების აღიარებას.
თამბაქოს მოწევა აკრძალულია:
სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებსა და დახურულ სპორტულ ნაგებობებში;
სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებათა შენობებში;
ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების მთელ ტერიტორიაზე;
ყველა შენობა-დაწესებულებაში, სადაც ინახება ცეცხლსაშიში ნივთიერებები;
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის, ავტობუსში, სამარშრუტო ტაქსიში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში.
კანონს კიდევ ერთი საინტერესო დებულება გააჩნია, რომელიც განსაკუთრებულად ყურადსაღებია: – აკრძალულია საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმის დასახელება, მისი შეფუთვის ან/და ეტიკეტის რომელიმე ელემენტი შეიცავდეს რაიმე ყალბ, შეცდომაში შემყვან ან არასწორი წარმოდგენის შემქმნელ ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის თვისებების, მავნე ზემოქმედების ან გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების შესახებ, ასევე არ შეიძლება გამოყენებული იქნეს საქართველოს სახელმწიფო ან/და რომელიმე უცხოურ ენაზე რაიმე ისეთი სიტყვა, სავაჭრო ნიშანი ან გამოსახულება, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით შექმნის არასწორ წარმოდგენას თამბაქოს რომელიმე ნაწარმის ნაკლებ მავნებლობაზე სხვა ნაწარმთან შედარებით. ზოგიერთი ასეთი სიტყვაა: „მსუბუქი“, „რბილი“, „ულტრამსუბუქი“, „დაბალი შემცველობით“. – როგორც ხედავთ, კანონი ხაზს უსვამს მოწევის სრულ მავნებლობას და ამბობს, რომ იგი არაფრით არ შეიძლება იყოს ნაკლებ–ზიანის მომტანი. თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა და ბლოკზე განთავსებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ დამტკიცებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ძირითად გაფრთხილებას, დამატებით გაფრთხილებას, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს. სამედიცინო გაფრთხილება შეიძლება მოიცავდეს დამატებითი გაფრთხილების შესაბამის პიქტოგრამას. სამინისტრო ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამების 9 ნიმუშს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილებებისა და თამბაქოს ნაწარმის შემცველების შესახებ წარწერების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს. თამბაქოს ნაწარმის შემცველების მაჩვენებელთა შესახებ ინფორმაცია უნდა მოთავსდეს თამბაქოს ნაწარმის ყოველ შეფუთვაზე და უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უნდა იყოს დაწერილი გარკვევით და მკაფიოდ;
უნდა იყოს დაბეჭდილი შეფუთვაზე, გარდა გარე გამჭვირვალე შეფუთვისა, არ უნდა იყოს დაფარული და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს ან მოსცილდეს;
უნდა იყოს დაბეჭდილი კომპიუტერული შრიფტით, გამუქებული ასოებით, თეთრ ფონზე შავი ასოებით ან შავ ფონზე თეთრი ასოებით; თეთრი ფონი შემოფარგლული უნდა იყოს შავი ჩარჩოთი, ხოლო შავი ფონი – თეთრი ჩარჩოთი, რომელიც არ კვეთს და არ ეხება ასოებს, და ჩარჩოს ხაზის სისქე არ უნდა იყოს 1 მმ-ზე ნაკლები და 2 მმ-ზე მეტი;
უნდა იყოს განთავსებული შეფუთვის მცირე გვერდზე, გარდა ზედა და ქვედა გვერდებისა, და არ უნდა იკავებდეს იმ გვერდის საერთო ფართობის 30 პროცენტზე ნაკლებს, რომელშიც შედის შემომფარგვლელი ხაზებიც.
მხედველობაში იქონიეთ კანონითვე განსაზღვრული კიდევ ორი ნორმა – 1) ამკანონის დარღვევისათვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 2) პასუხისმგებლობის დაკისრება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს არ ათავისუფლებს ამ კანონის დარღვევის აღკვეთის ვალდებულებებისაგან.