ინარჩუნებს თუ არა გირავნობას სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული ქონება?997 2012.11.15
ინარჩუნებს თუ არა გირავნობას სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული ქონება?
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთადაგირავებული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლისას გირავნობის შენარჩუნებისა და ამ შემთხვევაში გამოსაყენებელი ნორმების (კანონის ანალოგია)თაობაზე. მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები იყო შემდეგი: სს „ს. ბ-სა“ და რ. ს-ძეს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც გირავნობით იყო უზრუნველყოფილი. დაიტვირთა რ. ს-ძის კუთვნილი ავტომანქანა. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 14 წლით. იმავე განაჩენის საფუძველზე, რ. ს-ძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ავტომანქანა, რომელიც, მოგვიანებით, უსასყიდლოდ გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. სს „ს. ბ-მ“ სასამართლოში სარჩელი აღძრა და მოითხოვა რ. ს-ძისათვის სესხის თანხის დაკისრება, ასევე დაგირავებული ავტომანქანის რეალიზაცია. სასამართლომ სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში დააკმაყოფილა, ხოლო ავტომანქანის რეალიზაციის შესახებ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ანალოგიით გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 771-ე მუხლის მე-7 პუნქტი და მიიჩნია, რომ დაგირავებული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლით გირავნობა შეწყდა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს როგორც ნებისმიერი სხვა პირი და სამოქალაქო სამართლის სხვა სუბიექტების ანალოგიური უფლება-მოვალეობებით სარგებლობს, ამდენად, თავისთავად ის ფაქტი, რომ დაგირავებული ქონების მესაკუთრე სახელმწიფო გახდა, გირავნობის შეწყვეტას არ ნიშნავს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლზე და განმარტა, რომსკ-ის 274-ე მუხლის მე-4 ნაწილი საგამონაკლისო ნორმაა, რომელიც მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო. აღნიშნულს ცალსახად ადასტურებს 274-ე მუხლის სტრუქტურა, რომლის პირველი ნაწილი ადგენს ზოგად წესს, რომ დაგირავებული ქონების გასხვისებისას შემძენზე გირავნობით დატვირთული საკუთრება გადადის, ხოლო მე-4 ნაწილი ადგენს გამონაკლისს ამ წესში;გარდა ამისა, 274-ე მუხლის მე-4 ნაწილი მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმადაც ვერ ჩაითვლება. აღნიშნული ნორმა დაუტვირთავი საკუთრების გადაცემის წინაპირობად კონკრეტულ განსაკუთრებულ შემთხვევას - გირავნობის საგნის ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისებას ადგენს, რაც სრულიად სხვა სფეროა, ვიდრე ქონების განაჩენის საფუძველზე სახელწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემა. საკასაციო სასამართლოს მითითებით,განსახილველ შემთხვევაში კანონის ანალოგიის გამოყენების არ უნდა მომხდარიყო, რადგანაც, ზოგადი ნორმა, რომელიც მოცემულ დავასთან დაკავშირებულ საკითხსაც მოიცავს, სამოქალაქო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილია, რომელიც ადგენს, რომ ჩვეულებრივ პირობებში, გირავნობის საგნის გასხვისებისას შემძენზე გირავნობით დატვირთული საკუთრება გადადის. „გასხვისება“ სამოქალაქო სამართალში არ გულისხმობს აუცილებლად ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის სანაცვლოდ ეკვივალენტური ანაზღაურების მიღებას (მაგ. ნასყიდობა, გაცვლა), არამედ ქონების ახალ მესაკუთრეზე გადაცემას, მათ შორის უსასყიდლოდაც (მაგ. ჩუქება). რაც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 771-ე მუხლის მე-7 პუნქტს, საკასაციო სასამართლოს განმარტებით,მოცემული ნორმის ანალოგიით გამოყენება დაუშვებელია, რადგან სპეციალურ სამართლებრივ ურთიერთობას აწესრიგებს,გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ იგი არასწორადაც განმარტა, რადგანაც მითითებული ნორმიდან ის დასკვნა კი არ გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დაუტვირთავი ქონება გადაეცემა, არამედ ის, რომ ქონების ნატურით გადაცემისას უქმდება საგადასახადო გირავნობის შემდეგ ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო გარიგება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ საქმეზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად ((წყარო http://www.supremecourt.ge))