2029
2012.11.19
უფლებები და მათი ცოდნა სამოქალაქო სამართალში
ხშირად დასმულა კითხვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქისთვის იცოდეს კანონი და ესმოდეს მისი შინაარსი. გარკვეულწილად, ყველა დეტალის ცოდნა ნამდვლად არ არის პირის ინტერესებში და ეს მას არც მოეთხოვება, თუმცა პრინციპი – კანონის დაცვა უზრუნველყოფს თქვენსავე დაცვას – ყველგან და ყოველთვის მოქმედებს. ამ ყველაფრის დასტურად მსურს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მოვიშველიო და მისი რამდენიმე დათქმა გაგაცნოთ. სამოქალაქო სამართლით გათვალისწინებული კანონის ნორმები გვანიჭებენ სამოქალაქო უფლებებს, რომლის გამოყენება და დაცვა ჩვენსავე ინტერესებშია. ასევე არსებობს სპეციალური აკრზალვები, რომელთა დარღვევაც გამოიწვევს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას. პირველ რიგში, გაითვალისწინეთ რომ – კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. მნიშვნელოვანია ასევე იმის ცოდნა, თუ რას წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი და ობიექტი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული. ხოლო კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო,ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ უფლებებზე, რომლებიც განისაზღვრება კონსტიტუციით ან საჯარო სამართლის სხვა კანონებით. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. ცალკეული ჩარევები ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით აკრძალულია, თუ ეს აქტები კონკრეტული კანონის საფუძველზე არ არის გამოყენებული.