2693
2012.11.20
რა იცით ვირტუალური ზონის პირის სტატუსთან დაკავშირებით?
თუ გსმენიათ ისეთი კანონის შესახებ, როგორიცაა საქართველოს კანონი საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ? მსურს გაგაცნოთ მისი შინაარსი და დანიშნულება, რომელსაც მართლაც დიდი მნიშვნელობა და გამოყენება აქვს საქართველოს ეკონომიკისთვის. პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ კანონის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და მიმზიდველი გარემოს შექმნა იმ პირებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას განახორციელებენ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. თქვენი ყურადღება მსურს ასევე გავამახვილო კანონში გამოყენებულ რამდენიმე ტერმინზე: ვირტუალურიზონა – ვირტუალური ზონის პირი ან ამ პირთა ერთობლიობა; ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი; საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები. ვირტუალური ზონის პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად. თუმცა ამ კანონის დათქმის მიხედვით – არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების:
საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;
საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით;
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ექსპორტის გადასახდელით.
ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებულ შემოსავლებზე ხარჯები გამოიქვითება ერთობლივ შემოსავალში საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად. ვირტუალური ზონის პირის სტატუსს დაინტერესებულ პირს ანიჭებს საქართველოს მთავრობის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. დაინტერესებულ პირს სტატუსი ენიჭება სტატუსის მინიჭებისათვის მიმართვიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სტატუსის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი გაიცემა სტატუსის მინიჭებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. ვირტუალური ზონის პირის სტატუსის კანდიდატმა სტატუსის მისაღებად ელექტრონული ფორმით განცხადებით უნდა მიმართოს საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე: www.mof.ge. განცხადებას უნდა დაერთოს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროექტების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საფინანსო-ანალიტიკური სამსახური უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს ინფორმაცია კანდიდატის მიერ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებით. საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.