2164
2012.11.29
მაასტრიხტის ხელშეკრულება
მაასტრიხტის ხელშეკრულება ანუ ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულება 1993 წელს შევიდა ძალაში. ამ ხელშეკრულებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ევროგაერთიანების ხელშეკრულებაში და ევროპული ინტეგრაციის განვითარების ახალი მოდელი შექმნა ევროკავშირის სახით. ამ ხელშეკრულების თანახმად ევროკავშირი სამ საყრდენს ეფუძნება. პირველი და უმთავრესი მათ შორის ევროგაერთიანებაა, რომელიც ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურებით იმართება. კავშირის მეორე და მესამე საყრდენებს წარმოადგენენ ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა და თანამშრომლობა მართლმსაჯულებასა და შინაგან საქმეებში. განსხვავებით ევროგაერთიანებისაგან, სადაც ზესახელმწიფოებრივი ინტეგრაციული სტრუქტურები მოქმედებენ, ეს ორი საყრდენი მთავრობათშორის თანამშრომლობას ეფუძნება. ევროპის კავშირის (მაასტრიხტის) ხელშეკრულების უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო ევროპის ეკონომიკური და სავალუტო კავშირის დაარსების ვალდებულება, რომელიც ევროგაერთიანებას დაეკისრა. ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნა სამ ეტაპად განხორციელდა, რაც 2001 წლის იანვარში ერთიანი ვალუტის - ევროს მიმოქცევაში შემოსვლით დასრულდა.