821
2012.12.03
საერთო სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის ახალი ფორმირება
სასამართლოს მიუკერძოვებლობისა და უზადო სამართლიანობის უზრუნველსაყოფად მსოფლიოში დღემდე ხდება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ეს პროცესი შემდგომშიც გაგრძელდება. საქართველოში კი მომზადდა კანონპროექტი – საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონში განისაზღვრა რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სადისციპლინო კოლეგიას შეეხება: იგი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან 3 წევრი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეა, ხოლო 2 – არ არის მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიაში მოსამართლე წევრებს ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე სადისციპლინო კოლეგიაში მოსამართლე წევრის კანდიდატურის დასახელება შეუძლია მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. სადისციპლინო კოლეგიის იმ წევრებს, რომლებიც არ არიან მოსამართლეები, შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისგან, იურიდიული პროფილის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ან/და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე . სადისციპლინო კოლეგიის წევრი აირჩევა 2 წლის ვადით. საქართველოს პარლამენტის მიერ სადისციპლინო კოლეგიაში არჩეული წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სარგებლობს მაღალი რეპუტაციით და წარმოადგენს სამართლის დარგის აღიარებულ სპეციალისტს. სადისციპლინო კოლეგიის წევრის არჩევისას საქართველოს პარლამენტი ითვალისწინებს კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებას, მის მორალურ რეპუტაციასა და ეთიკურ სტანდარტებს. ასევე პარლამენტის მიერ სადისციპლინო კოლეგიაში არჩეულ წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი, მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე ან პირი, რომელიც რომელიმე ასეთ თანამდებობაზე იმყოფებოდა უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში ;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების საფუძველია:
პირადი სურვილი;
დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება;
დისციპლინური გადაცდომის ჩადენა;
მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობა;
სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ აღიარება;
მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
უფლებამოსილების ვადის გასვლა.
სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა. გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების შესახებ იღებს შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ან საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია , რომლებიც ვალდებულნი არიან შეამოწმონ სადისციპლინო კოლეგიის წევრის გათავისუფლების საფუძველი. ისინი უფლებამოსილნი არიან სხდომაზე მიიწვიონ შესაბამისი წევრი და მოისმინონ მისი მოსაზრება. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინურ საქმეს სადისციპლინო კოლეგია განიხილავს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.