რას ნიშნავს დეპონირება და როგორ გამოიყენება იგი საქართველოში?6170 2012.12.04
რას ნიშნავს დეპონირება და როგორ გამოიყენება იგი საქართველოში?
დეპონირება – მისი ლექსიკონური განმარტებით არის ფულადი თანხის, ფასიანი ქაღალდის და სხვა ფასეულობის შესანახად გადაცემა საკრედიტო დაწესებულებისთვის. ასევე არის დათქმა, რომლის მიხედვითაც თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას, მოვალე უფლებამოსილია ვალდებულება დეპონირებით შეასრულოს. დეპონირების დროს შესრულების საგანი შესანახად გადაეცემა სასამართლოს ან ნოტარიუსს, ხოლო ფულის ან ფასიანი ქაღალდის შეიძლება ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ტერმინი დეპონირება – შეგვხვდება საქართველოს კანონში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, რომლის ჩანაწერიც შემდეგნაირად გამოიყურება: (საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ – მუხლი91) ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს, ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის დეპონირება განახორციელოს „საქპატენტში“. დეპონირების დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული პირი მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად/საავტორო უფლების მფლობელად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის „საქპატენტში“ დეპონირებისას განმცხადებელმა უნდა დაიცვას წარმოდგენილ ნაწარმოებთან დაკავშირებული სხვა პირების საავტორო ან სხვა უფლებები. თუ „საქპატენტში“ ნაწარმოებს წარადგენს ავტორის მემკვიდრე, უფლებამონაცვლე ან სხვა პირი, რომელიც ფლობს საავტორო უფლებებს, განცხადებას უნდა დაერთოს მემკვიდრეობის, უფლებამონაცვლეობის ან საავტორო უფლებების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. „საქპატენტში“ ნაწარმოების წარმომადგენლის მეშვეობით დეპონირებისას განცხადებას უნდა დაერთოს აგრეთვე წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ მუხლის თანახმად დეპონირებულ ნაწარმოებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება გახდეს საჯარო თავად ნაწარმოების ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მოთხოვნით. დეპონირების შედეგად საქპატენტის მიერ გაიცემა მოწმობა, რომელიც არ წარმოშობს საავტორო უფლებებს და ადასტურებს მხოლოდ დეპონირების ფაქტს, ანუ დეპონირებით დასტურდება მხოლოდ საქპატენტში წარდგენის თარიღისთვის ნაწარმოების ობიექტური ფორმით (ხელნაწერი ან ნაბეჭდი ტექსტი, ნოტები, ჩანაწერი და სხვ.) არსებობის ფაქტი.