უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის განმარტება861 2012.12.05
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის განმარტება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განმარტა, რომახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას დაუშვებელია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელება/გამოყენება მსჯავრდებულთა მიმართ (საქმე №31აგ-12). თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განაჩენით დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ გ.კ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვის თაობაზე და მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე, თუმცა სასამართლომ მის მიმართ არ გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული შეღავათი. მსჯავრდებულმა გ. კ-მ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სწორედ იმ მოტივით, რომ მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია დაგანმარტა, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის კანონების გამოყენების წესი და პირობები განსაზღვრულია ამავე კანონებში მითითებული სპეციალური ნორმებით, რომელთა მიხედვით მოცემულ შემთხვევაში (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას) სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ კანონთა გამოყენების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც უცვლელად დატოვა იგი. გადაწყვეტილება სრულად წყარო: http://www.supremecourt.ge