826
2012.12.06
რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის ფუნქციები
ლტოლვილთა საკითხის გადაწყვეტა კვლავაც რჩება სახელმწიფოს ერთ–ერთ უდიდეს პრობლემად. გამოქვეყნდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ. მსურს გაგაცნოთ ძირითადი მიზნები და ამოცანები, რომელსაც მოიცავს ზემოთ აღიშნული დეპარტამენტის ფუნქციები. სამართლებრივი განმარტებით, იგი არის არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს და უფლებამოსილებებს წარმოადგენს:
ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფა; ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა აღრიცხვა; მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა და სათანადო სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;
თავშესაფრის მაძიებელი პირის საკითხის განხილვა, თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის არსებითადგანხილვა, სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე დასკვნის მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა, სათანადო დასკვნების მომზადება და გადაწყვეტილების მიღება;
თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა მონაცემების ბაზის შექმნა; ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ფორმების შემუშავება, მოწმობების გაცემის ორგანიზება;
„ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1951 წლის კონვენციითა და „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის ოქმით გათვალისწინებული თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებების დაცვის, რეალიზებისა და გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სოციალური დაცვის ხელშეწყობა;
ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი;
ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
რეპატრიაციის საკითხთა რეგულირება; მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ყოფილი სსრკ-ს მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა იდენტიფიკაციის, რეპატრიანტთა მონაცემთა ბაზის (საინფორმაციო ბანკის) შექმნა; რეპატრიანტთა ადაპტაცია-ინტეგრაციის პროცესების წარმართვა და კოორდინაცია; შესაბამისი პროექტების შემუშავება და რეალიზებისათვის ხელშეწყობა;
სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ეკომიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვის სისტემის შესამუშავებლად წინადადებების მომზადება და რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიგრაციული პროცესების მონიტორინგი;
სტიქიასაშიში რეგიონებიდან მოსალოდნელი მიგრაციის პროგნოზირება და სტიქიით დაზარალებულთა განსახლების პროგრამების განხორციელება; სტიქიით დაზარალებულთა განსახლების ორგანიზება; ახალ საცხოვრებელ ადგილებზე მათი ადაპტაცია-ინტეგრაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელებისათვის ხელშეწყობა; სტიქიით დაზარალებულთა მონაცემების ბაზის შექმნა;
შიდა და გარე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრისა და მისი განხორციელების შესახებ წინადადებებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;
ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის სათანადო სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად წინადადებების შემუშავება;
შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში;
კომპეტენციის ფარგლებში სათანადო რეაგირება უკანონო მიგრაციის აღსაკვეთად;
კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მინისტრის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
((წყარო: https://matsne.gov.ge/ ))