ჩართული დაკვირვება (მონაწილეობითი დაკვირვება)1350 2012.12.06
ჩართული დაკვირვება (მონაწილეობითი დაკვირვება)
სოციალური ინფორმაციის მოპოვების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი. იგი ფართოდ გამოიყენება სოციოლოგიაში, ანთროპოლოგიასა და ეთნოგრაფიაში. მისი სპეციფიკა ისაა, რომ მკვლევარი ხდება იმ სოციალური ჯგუფის (ან სიტუაციის) წევრი, რომელსაც იკვლევს. დამკვირვებელი თავის თავზე იღებს ჯგუფში გარკვეული როლის შესრულებას და ბუნებრივი სოციალური აქტივობის მონაწილე ხდება. ჩ. დ. გულისხმობს ობიექტის ხანგრძლივ შესწავლას ბუნებრივ პირობებში, მის მიზანმიმართულ, სისტემატურ, უშუალო ვიზუალურ და სმენით აღთქმას (თვალყურის დევნებას), გამოკვლევის მიზნებისა და ამოცანებისთვის მნიშვნელობის მქონე სოციალური ფაქტების, მოვლენების, პროცესების რეგისტრაციას. ჩ. დ–ის სახეებია: გამჟღავნებული (ღია) (overt observation) და გაუმჟღავნებელი (ფარული) (covert observation). ღია (გამჟღავნებული) მონაწილეობითი დაკვირვება ტარდება შესასწავლ სუბიექტთან შეთანხმების საფუძველზე. – ეს შეთანხმება შეიძლება იყოს უსიტყვო ან ფორმალურად გამოხატული. ფარული მონაწილეობითი დაკვირვება ხდება შესასწავლი სოციალური ერთობის გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე, ჯგუფის წევრებმა არ იციან, რომ მათ აკვირდებიან, მათთვის უცნობია გამოკვლევის ჩატარების ფაქტი, მკვლევრის ფუნქციები და მოტივები. ჩ. დ–ის ტიპების არჩევას განსაზღვრავს კვლევის მიზნები და ამოცანები, აგრეთვე შესასწავლი პრობლემა. ჩართული გაუმჟღავნებელი მეთოდი შეუცვლელია იმ დახურული და დევიანტური ერთობების გამოკვლევის დროს, რომელთა შესწავლა სხვა მეთოდებით შეუძლებელია. ჩ. დ–ს განსაკუთრებით ფართოდ იყენებენ თვისებრივ სოციოლოგიაში. ხშირად მას საველე გამოკვლევას უწოდებენ, რადგან ობიექტის შესწავლა ბუნებრივ პირობებში ხდება. ჩ. დ–ის ჩატარების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამკვირვებლის კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს, მის პიროვნულ თვისებებს. რ. გოულდი განასხვავებს დამკვირვებლის ოთხ ტიპს: 1. სრული მონაწილე, 2. მონაწილე დამკვირვებელი, 3. დამკვირვებელი მონაწილე და 4. სრული დამკვირვებელი. ჩ. დ–ით მიღებულ მონაცემებს ვალიდურობისა და სანდოობის უფრო მაღალი ხარისხი აქვს, ვიდრე სხვა მეთოდებით მიღებულ სოციალურ ინფორმაციას. ზოგჯერ ტერმინს „მონაწილეობითი დაკვირვება“ უფრო ფართო მნიშვნელობით ხმარობენ. ზოგიერთი სოციოლოგი მ. დ–ს მიიჩნევს ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სტრატეგიად, რომლის მიზანია შესასწავლი სფეროს ღრმა შესწავლა (მაგ., რელიგიური, პროფესიული ან დევიანტური ჯგუფების) ბუნებრივ პირობებში მყოფ ადამიანებთან ინტენსიური ურთიერთობის საშუალებით. ასეთი კვლევის დროს გამოყენებულია სხვადასხვა მეთოდი: არაფორმალური ინტერვიუ, უშუალო, ღია დაკვირვება, ჩ. დ., კოლექტიური დისკუსიები, ჯგუფის წევრების პირადი დოკუმენტების ანალიზი, თვითანალიზი, ცხოვრების ისტორიები. ზოგიერთი მკვლევარი ტერმინებს „ჩართული დაკვირვება“ და „საველე გამოკვლევა“ ეკვივალენტურად იყენებს.