864
2012.12.07
გადაადგილების თავისუფლება
ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების, საცხოვრებელი, ან სამუშაო ადგილის თავისუფლად არჩევისა და შეცვლის და ქვეყნის გარეთ გასვლის უფლება. ხელისუფლებათა მიერ ეს უფლება სხვადასხვა მეთოდით იზღუდება. ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვა დაკავშირებულია ქვეყნის გარეთ გასვლისათვის საჭირო გადასახადების დაწესებასთან, სხვაგან ემიგრაცია შეზღუდულია პოლიტიკური მოტივებით. ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, რომელიც განმტკიცებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, მე-13 მუხ.; საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების შესახებ, მე-12.) საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პირთა თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლებას. ამ მუხლის მიხედვით: „1. ყველას ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება 2. ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს საქართველოში 3. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი იცავს პირის უფლებას, სახელმწიფო კონტროლისა და ნებართვის გარეშე თავისუფლად გადაადგილდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და თავისუფლად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ვრცელდება ნებისმიერ პირზე და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რაც დასტურდება ტერმინით - „ყველა“, რომელიც გამოყენებულია აღნიშნულ მუხლში. ამდენად, თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება უზრუნველყოფილია ნებისმიერი პირისათვის, მისი მოქლაქეობრივი სტატუსის მიუხედავად. კონსტიტუციიდან გამომდინარე, იკრძალება რაიმე განსხვავებული რეჟიმის დადგენა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს შორის ამ უფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცულია როგორც პირის უფლება - სახელმწიფოს ნებართვის გარეშე დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი და მუდმივ საცხოვრებლად სხვა ადგილი აირჩიოს, ისე დროებით საცხოვრებლად სხვა ადგილას გადავიდეს (მაგ.; აგარაკზე). ცხადია, რომ პირს შეიძლება რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ჰქონდეს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი უზრუნველყოფს საქართველოში კანონიერად მყოფი ყველა პირისათვის ქვეყნის დატოვების უფლებას. ეს უფლება ვრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე სხვა სახელმწიფოს მფარველობაში მყოფ ნებისმიერ პირზე. საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, საქართველოდან თავისუფალი გასვლის უფლება არ ნიშნავს, რომ მას ყოველთვის აქვს უფლება, შევიდეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დატოვა საქართველოს ტერიტორია, შეიძლება არ მიეცეს ხვა სახელმწიფოში შესვლის უფლება საქართველოს კონსიტუციის მსგავსად, კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ ადგენს, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის უფლება.“ ამავე კანონის მე-16 მუხლი ითვალისწინებს, რომ „საქართველოს მოქალაქეს ნებისმიერ დროს უფლება აქვს შემოვიდეს საქართველოში, რისთვისაც ნებართვა არ სჭირდება“. ამ დებულების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეს არ შეიძლება უარი ეთქვას საქართველოში შემოსვლაზე საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლება უზრუნველყოფილია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის. შესაბამისად, უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე არ ვრცელდება იმის გარანტია, რომ ისინი თავისუფლად შემოვლენ საქართველოში უცხოელების მიმართ საქართველოს კონსიტუციის 22-ე მუხლის დებელებები დაზუსტებულია კანონში „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ (1993 წლის 3 ივნისი), რომელიც უცხოელად მიიჩნევს უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს და საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს. კანონი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში უცხოელთა სამართლებრივ სტატუსს, უფლებებსა და მოვალეობებს, ადგენს, რომ უცხოელები საქართველოში თანასწორი არიან კანონის წინაშე წარმოშობის, სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, ეროვნული კუთვნილებების, სქესის, განათლების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შესაძლებლობების, საქმიანობის სფეროს და სხვა გარემოებების მიუხედავად საქართველოს კონსტუტუციური პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც აისახა მის 22-ე მუხლში, ზემოთქმული კანონის მე-18 მუხლი ითვალისწინებს, რომ უცხოელები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლებით. ამასთან, კანონი ითვალისწინებს, რომ „უცხოელთა მიმოსვლა და მათ მიერ საცხოვრებელი ადგილის არჩევა საქართველოში შეიძლება შეიზღუდოს, როცა ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობის, საქართველოს მოქალაქეთა და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად“ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცული უფლებების დარღვევისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის მიხედვით, საქართველოში კანონიერად მყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების, საცხოვრეელი ადგილის თავისუფლად არჩევის ან საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოში თავისუფლად შემოსვლის უფლების განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ექვს თვემდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ერთ წლამდე ვადით, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლებების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.