873
2012.12.22
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ელექტრონული სერვისი
მათთვის, ვინც ახლა საზღვარგარეთ იმყოფება, შეიძლება სრულიად უცნობი და საინტერესო სერვისის შესახებ მივაწოდოთ ინფორმაცია. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ელექტრონული სერვისი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც მათ შეეძლებათ სახლიდან გაუსვლელად შეავსონ ელექტრონული განაცხადი და დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე. აღნიშნული პროცედურისათვის საჭიროა იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზე შეავსოთ ელექტრონული განცხადება (http://intpass.cra.ge/Consular.aspx?action=new ), ატვირთოთ თქვენი ბიომეტრიული ფოტოსურათი, დაუკავშირდეთ დისტანციური მომსახურების სამსახურის ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატოთ თქვენი ნება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით. სერვისით სარგებლობა შეუძლიასაზღვარგარეთ მყოფ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. ასევე, საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს 14 წლის ასაკს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე მეურვეობისა ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქის მზრუნველს ან მეურვეს. იმისათვის, რომ ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით, თქვენ დაგჭირდებათ ბიომეტრიული ფოტო სურათი, ვებ-კამერა, ყურსასმენი და მიკროფონი.მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ონლაინ რეჟიმში საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება გახლავთ უფასო. თუმცა, განმცხადებლის ვინაობასა ან საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების თაობაზე .