1053
2012.12.25
რა იცით საჯარო სამსახურის სპეციფიკაზე?
სამუშაოს სპეციფიკა რომ ყველა სამსახურში განსხვავებულია, ეს კარგად მოგვეხსენება. შრომითი კანონმდებლობა კი მოიცავს ყველა ამ სფეროს და მის დარეგულირებას უზრუნველყოფს. თუმცა საინტერესოა რატომ გახდა საჭირო სპეციალურად, კანონით განესაზღვრათ საჯარო სამსახურების რაობა და რა სპეციფიკა ახასიათებს მსგავს სამსახურში მუსაობას. პირველ რიგში განვსაზღვროთ, რომ საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. სახელმწიფო თანამდებობა კი წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს პირველად სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქის ადგილსა და სოციალურ-შრომით როლს საჯარო სამსახურის სისტემაში, მის უფლებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობად ითვლება შრომითი ურთიერთობა არჩევით ან დანიშვნით თანამდებობაზე იმ დაწესებულებაში, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო ზედამხედველობას და კონტროლს, აგრეთვე სახელმწიფო თავდაცვას. საჯარო მოსამსახურის სახეებია:
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი;
მოხელე; (პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო თანამდებობაზე.)
დამხმარე მოსამსახურე; (ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე.)
შტატგარეშე მოსამსახურე. (შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.)
რაც პირველ რიგში არის გასათვალისწინებელი, საჯარო სამსახურს გააჩნია საკუტარი პრინციპი. ესენია:
საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება;
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა;
საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად;
მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
საქვეყნოობა;
საჯარო სამსახურის უპარტიობა და საერო ხასიათი;
მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა;
მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა.
არსებოპბს პირთა განსაზღვრული კატეგორია, რომლებიც არ მიიღებიან საჯარო სამსახურში: პირი მსგავს თანამდებობაზე არ მიიღება, თუ:
ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.
სხვა შემთხვევაში კი, სახელმწიფო მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.