რა ფუნქციები აქვს საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს?949 2012.12.28
რა ფუნქციები აქვს საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს?
საქართველოში სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკის სფეროში არსებული საჯარო მიზნების განხორციელების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს და მათი განხორციელების კონკრეტულ მექანიზმს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“. აღნიშნული კანონის მიზნებს წარმოადგენს პირველ რიგში საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისი საწარმოო-საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის გამოყოფილი ფულადი სახსრების ეფექტიანი ხარჯვის მექანიზმის შექმნა და მათი მართვის უზრუნველყოფა; საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებისას საწარმოო-საინვესტიციო პროექტების წარმდგენი ორგანიზაციებისადმი სამართლიანი და არადისკრიმინაციული დამოკიდებულების უზრუნველყოფა; საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების საჯაროობის უზრუნველყოფა; საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებისა და სახელმწიფო ხელშეწყობის სისტემის შექმნის უზრუნველყოფა და საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურებისათვის ხელის შეწყობა და ამ მიზნით სამართლებრივი საფუძვლის შექმნისათვის საჭირო წინადადებების შემუშავების ხელშეწყობა. საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების, კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით, არსებობს მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ფონდის სახსრების რაციონალური მართვა და განაწილება თავდებობის, სუბვენციისა და სუბსიდიის სახით საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების ან მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად; პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის მიზნით; საწარმოო-საინვესტიციო პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციების ანგარიშების საფუძველზე საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს პრეზიდენტის მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად წინადადებების მომზადება; იმ კრიტერიუმების განსაზღვრა, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო საწარმოო-საინვესტიციო პროექტის განხორციელებაში მონაწილეობის უფლების მისაღებად; საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, კონკურსის საფუძველზე საწარმოო-საინვესტიციო პროექტების შერჩევა, რომელთა საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება განხორციელდება ფონდის სახსრებით; სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკის დაფინანსების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა; საინვესტიციო გარემოს შექმნისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების მიზნით წინადადებების მომზადება; ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება, გამოცემა და მისი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია; სპეციალური სასწავლო პროგრამებისა და სასწავლო-მეთოდოლოგიური მასალების მომზადება, საინვესტიციო ურთიერთობებში მონაწილე პირთათვის, ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირებისათვის სემინარებისა და ტრეინინგების ჩატარება; განხორციელებული საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; საწარმოო-საინვესტიციო პროექტის წარმდგენი ორგანიზაციისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა.