კანონით განსაზღვრული გენდერული თანასწორობა2335 2013.01.22
კანონით განსაზღვრული გენდერული თანასწორობა
საქართველოში გენდერული დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებთან ერთად უზრუნველყოფს საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ. ეს კანონი ადგენს ქალისა და მამაკაცის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს, განსაზღვრავს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროებში მათი განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებსა და პირობებს. კანონის მიხედვით შრომითი ურთიერთობებისას დაუშვებელია: 
  • პირის დისკრიმინაცია, დევნა ან/და იძულება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას
  • სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
დასაქმებისას და შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაშვებია სქესის ნიშნით პირთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ან მათთვის უპირატესობის მინიჭება, რაც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება. დისკრიმინაციად არ განიხილება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის, ოჯახის დაგეგმვისა და ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული განსაკუთრებული ღონისძიებები, აგრეთვე ორსული ქალისა და დედობის დაცვისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, გენდერული თავისებურებების გათვალისწინებით განხორციელებული სხვა ღონისძიებები. რაც შეეხება საოჯახო ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, კანონით გათვალისწინებულია, რომ:
  • საოჯახო ურთიერთობებში, ქორწინებისა და განქორწინების დროს ქალი და მამაკაცი სარგებლობენ თანასწორი პირადი და ქონებრივი უფლებებით, მათ შორის, გვარის, პროფესიისა და საქმიანობის არჩევის უფლებით, და ეკისრებათ თანასწორი მოვალეობები. საოჯახო ურთიერთობებში არ დაიშვება უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით დისკრიმინაცია ან უპირატესობის მინიჭება.
  • ოჯახში ქალსა და მამაკაცს თანასწორი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ შრომით და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის საკითხები.
  • შვილების აღზრდისა და ოჯახის სხვა საკითხებს მეუღლეები ერთად, ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. გარანტირებული და უზრუნველყოფილია მეუღლეთა მიერ საქმიანობისა და შვილების აღზრდის თანასწორი შესაძლებლობები.
  • ოჯახში მეუღლეთა მიერ გაწეულ შრომასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები თანასწორია.
  • მეუღლეებს აქვთ ქონების ფლობის, შეძენის, მართვის, გამოყენებისა და განკარგვის თანასწორი უფლება
  • მეუღლეებს თანასწორი უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ დასვენებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში.
კანონის მიხედვით გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და  დაცვაზე ზედამხედველობა ევალება საქართველოს პარლამენტს, გენდერული თანასწორობის საბჭოს, ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოებსა და სახალხო დამცველს.