747
2013.01.25
ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით ორი სამინისტრო ითანამშრომლებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ხელმომწერ სამინისტროებსა და მათ დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა შორის, ყოფილი მსჯავრდებულებისათვის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით. აგრეთვე, სერვისების ერთობლივი პაკეტის შეთავზებას მსჯავრდებულებისა და ყოფილი მსჯავრდებულებისათვის. შეიქმნება რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ერთიანი სტრატეგია და შემუშავდება ერთიანი სამოქმედო გეგმა; რესოციალიზაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და არასამთავრობო სექტორი. მემორანდუმი დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულებასაც ითვალისწინებს.
თანამშრომლობის მიზანი მსჯავრდებულების უფლებების დაცვა და მათი რესოციალიზაციაა, რაც, ერთი მხრივ - ამ სოციალური ჯგუფის, მეორე მხრივ კი - მთელი საზოგადოების ინტერესია. მსჯავრდებულთა წარმატებული რეაბილიტაცია ამცირებს მათი მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალბათობას და ამ კუთხით, ზრუნავს საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებაზე.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია იუსტიციის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი.