უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა1251 2013.01.28
უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 25 იანვარს მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა, რომლითაცგანსაზღვრა ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით საკასაციო საჩივრის განხილვის ფარგლები (საქმე №142აგ-12). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის განაჩენით მ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. მსჯავრდებულმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ და მოითხოვა თავისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება, რაც დაკმაყოფილდა. საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულმა გაზარდა მოთხოვნა და განაცხადა, რომ მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ეყრდნობა ყალბ მტკიცებულებებს, ხოლო ჩადენილ ქმედებებს არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საკასაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შუამდგომლობით მ. გ. ითხოვდა თავისი ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან იმავე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებულის დამატებით მოთხოვნებთან დაკავშირებით – სსკ-ის 180-ე და 362-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით,განმარტა, რომ საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია მსჯავრდებულ მ. გ-ის ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესახებ, ვინაიდან მსჯავრდებულს ასეთი მოთხოვნით სააპელაციო პალატისთვის არ მიუმართავს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამართლებრივი შეფასება მისცეს მსჯავრდებულ მ. გ-ის საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ საკითხებს, რომლებზეც სააპელაციო პალატას თავის გადაწყვეტილებაში კანონის შესაბამისად არ უმსჯელია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.