1021
2013.02.04
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები
საქართველოში ოჯახში ძალადობა ჯერ კიდევ რჩება მტკივნეულ და ტაბუდადებულ თემად. ძალადობის მსხვერპლი, როგორც წესი, ერიდება ამ პრობლემაზე ღიად საუბარს და საკუთარი უფლებების დაცვას, რისი ერთ–ერთი მიზეზიც ხშირად სათანადო ინფორმაციის არქონაა. ბევრმა არ იცის, რომ არსებობს საქართველოს კანონი ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, რომელიც ადგენს ძალადობის მსხვერპლის დაცვის მექანიზმებს.
ძალადობის ფაქტის შემთხვევაში პოლიციის გამოძახებისას, პოლიცია ვალდებულია, მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში, უზრუნველყოს მსხვერპლის გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე უზრუნველყოს მისი პირადი და პირველადი საჭიროების ნივთების წამოღება. გარდა ამისა, მსხვერპლის მოთხოვნის შემთხვევაში, სამართალდამცავები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მისი გადაყვანა კრიზისულ ცენტრში. კრიზისული ცენტრი წარმოადგენს ოჯახში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა და მსხვერპლთა დროებითი განთავსების ადგილს და ემსახურება მის ფსიქოლოგიურ-სოციალურ რეაბილიტაციას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლებრივ დახმარებას. თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (დებულებით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. ცენტრში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ცენტრში მოთავსების შემთხვევაში მსხვერპლს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე. მსხვერპლის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ კანონით დადგენილი წესით.
ძალადობის მსხვერპლს შეუძლია მოითხოვოს დამცავი ორდერის გაცემა, რომელიც განსაზღვრავს მისი დაცვის დროებით ღონისძიებებს. მოძალადის მიერ ორდერით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს მის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამცავი ორდერი გამოიცემა 6 თვემდე ვადით. მისი მოქმედების კონკრეტულ ვადას განსაზღვრავს სასამართლო.