1040
2013.02.04
უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 30 იანვარს მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სისხლის სამართლის პროცესში შეურაცხაობის საკითხის დადგენასთან დაკავშირებით. 2012 წლის 3 დეკემბერს მსჯავრდებულმა კ. ს-მ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო იმ მოტივით, რომ მის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ დასკვნის თანახმად, იგი არ შეიძლებოდა დაკითხულიყო მოწმედ და, შესაბამისად, სასამართლო არ დაამტკიცებდა საპროცესო შეთანხმებას, მისთვის ცნობილი რომ ყოფილიყო მოწმის ფსიქიკური დაავადების შესახებ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით კ. ს-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება მოწმედ დაიკითხოს პირი, რომელსაც ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გამო მას არ შეუძლია, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს ფაქტები. მოწმესთან დაკავშირებით, საპროცესო კანონმდებლობით ზემოაღნიშნული მიზნებისა და მისი ჩვენების (ჩვენებების) დაუშვებლობის საკითხის განსაზღვრისათვის სასამართლოს უნდა გააჩნდეს სამართლებრივი საფუძველი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ადგენს კონკრეტულ საფუძვლებს, თუ რა სახის სამედიცინო დოკუმენტით უნდა განისაზღვროს კონკრეტულ შემთხვევაში მოწმის ფსიქიკური მდგომარეობის საკითხი. აღნიშნული წარმოადგენს ხარვეზს კანონმდებლობაში. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა მოხდეს საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, კერძოდ: საქართველოს სსსკ-ის 105-ე და 180-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად კანონმდებელი ყველა შემთხვევაში ითხოვს სახელმწიფო (და არა – ასევე კერძო) სამედიცინო დაწესებულების დასკვნას. ამიტომ, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი ნორმების საერთო ანალიზიდან და იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოში ჩვენების მიცემისას ბრალდებულსაც მოწმის სტატუსი გააჩნია – მოწმის შეურაცხაობის (ფსიქიკური მდგომარეობის) საკითხი უნდა დადგინდეს სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რაც მოცემული საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა და, შესაბამისად, არ არსებობდა მსჯავრდებულ კ. ს-ის შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც იგი დატოვა ძალაში.