სახელის და გვარის შეცვლისათვის საჭირო პროცედურები6661 2013.02.06
სახელის და გვარის შეცვლისათვის საჭირო პროცედურები
ბავშვის დაბადებისას მშობლები მას სახელს ისე ურჩევენ, რომ, ბუნებრივია, ვერ ხდება ბავშვის სურვილის და აზრის გათვალისწინება. ამიტომაც ხშირია შემთხვევები, როდესაც უკვე ზრდასრულ ასაკში სურვილი უჩნდებათ შეიცვალონ სახელი. საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საკუთარი სურვილისამებრ შეუძლია სახელის შეცვლა. თუმცა განსხვავებული მდგომარეობაა გვარის შეცვლისას. გვარის გამოცვლა შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მიიღოთ: ა) პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი; ბ) მშობელთა შეერთებული გვარი; გ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; დ) მშვილებლის გვარი; ე) მეუღლის გვარი; ვ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის; მინიჭებული გვარი; ზ)ისტორიული გვარის აღდგენა; თ) გვარის კანონიერად აღიარება; თუ გსურთ სახელის ან გვარის შეცვლა, უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: განცხადება სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე; პირადობის დამადასტურებელი საბუთი; დაბადების მოწმობა; ქორწინების მოწმობა - თუ დაქორწინებული ხართ; არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები - თუ არასრულწლოვანი შვილები გყავთ; მშობლის მონაცვლე პირთა წერილობითი თანხმობა - თუ 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი ხართ; თუ გსურთ მიიღოთ ფაქტობრივი აღმზრდელის ან თქვენი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი - შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი საბუთები. მომსახურების სტანდარტული ფასი 50 ლარია, დაჩქარებით შესრულების შემთხვევაში კი საფასური იმატებს. დევნილი ან იძულებით გადაადგილებული პირები, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, თავისუფლდებიან საფასურისაგან. 16 წლამდე არასრულწოვანისათვის სახელის ან/და გვარის შეცვლა ხდება მშობელთა შეთანხმებით, 16–დან 18 წლამდე არასრულწლოვანთათვის კი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. გახსოვდეთ, რომ სახელის ან/და გვარის შეცვლის შემთხვევაში თქვენ ვალდებული ხართ შეცვალოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთები. მომზადებულია house.gov.ge–ის მიხედვით