2345
2013.02.07
ტრანსპლანტაცია სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად
მედიცინის განვითარებასთან ერთად ადამიანის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ან მის გასაუმჯობესებლად უამრავი ახალი მეთოდი გაჩნდა. მათ შორის ერთ–ერთი ყველაზე რთული გზა ორგანოთა გადანერგვა ანუ ტრანსპლანტაციაა. ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს კანონი ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ. კანონი პირველივე მუხლში ადგენს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვას. ქმედუნარიან პირს უფლება აქვს ნებაყოფლობით განაცხადოს თანხმობა ან უარი მისი ორგანოს ან ორგანოების აღებაზე სიცოცხლეშივე ან მისი სიკვდილის შემდეგ.გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ადასტურებს სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი. შესაძლებელია გარდაცვლილის ორგანოს აღებაც იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს მის სიცოცხლეში გაცხადებული თანხმობის ან უარის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი. ამისათვის გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება. საჭიროა იმის დამადასტურებელი ფაქტების არსებობა, რომ ორგანოს აღება არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილის რელიგიურ რწმენას, მის ეთიკურ პრინციპებს. ასევე საჭიროა გარდაცვლილის უპირატესი უფლების მქონე გენეტიკური ნათესავის (მეუღლე, შვილი, მშობელი, შვილიშვილი, ძმა/და , ძმისშვილი/დისშვილი, ბებია/ბაბუა, ბიძა/დეიდა/მამიდა, ბიძაშვილი/დეიდაშვილი/მამიდაშვილი) თანხმობა.თანაბარი უფლების მქონე რამდენიმე ნათესავის არსებობისას, თუნდაც ერთის მიერ უარის განცხადების შემთხვევაში, გარდაცვლილის ორგანოს აღება დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია გარდაცვლილის ორგანოს აღება იმ შემთხვევაშიც, თუ ზემოთჩამოთვლილ ნათესავთაგან ვერცერთი ვერ იქნა მოძიებული. ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების, მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.გადანერგვის მიზნით ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი პირობები:
დონორი ქმედუნარიანია;
რეციპიენტის გენეტიკური ნათესავია;
რეციპიენტის მეუღლეა და ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;
არისრეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა და ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი;
დონორისგან ორგანოს აღება ხდება ჯვარედინი დონორობის პრინციპით, რაზედაც არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა;
დონორს ორგანოს გაცემაზე განცხადებული აქვს ინფორმირებული თანხმობა;
მედიცინის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ოპერაციის მეყსეული ან შორეული, უშუალო ან გაშუალებული შედეგები არ წარმოადგენს დონორის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან რისკს და არ გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას;
სათანადო გამოკვლევით დადგენილია, რომ დონორი შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია გადანერგვის მიზნით ცოცხალი ადამიანისაგან ორგანოს ასაღებად;
ორგანოს ასაღებად გამიზნული ოპერაცია ტარდება სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმის მიერ და შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში.
პოტენციური ცოცხალი დონორისაგან ინფორმირებული თანხმობის მისაღებად მას უნდა განემარტოს: ა) ორგანოს აღებისათვის საჭირო ოპერაციული ჩარევის სახე, მოცულობა, რისკი, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, დონორის ჯანმრთელობაზე ოპერაციული ჩარევის მეყსეული და შორეული, უშუალო და გაშუალებული შედეგების უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობა; ბ) ცოცხალი დონორისაგან აღებული ორგანოს გადანერგვის მოსალოდნელი შედეგის – წარმატების თუ წარუმატებლობის ყველა შესაძლებლობა; გ) ყველა შესაძლო გარემოება, რამაც შეიძლება იმოქმედოს დონორის გადაწყვეტილებაზე.