რა უფლება–მოვალეობები გააჩნია პროკურატურას3951 2013.02.08
რა უფლება–მოვალეობები გააჩნია პროკურატურას
პროკურატურის საქმიანობის ძირითად ასპექტებს და მის უფლება–მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს კანონი პროკურატურის შესახებ. აღნიშნული კანონის მიხედვით პროკურატურა კანონით დადგენილი წესით: ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე; კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; ამოწმებს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებს და ახორციელებს საპროცესო მოვალეობებს დაკავების ადგილებსა და პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთისა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს; სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მონაწილეობს, როგორც მხარე, და მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას; სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას. კანონით, ასევე, განსაზღვრულია ის ძირითადი პრიციპები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს პროკურატურამ. ეს პრინციპებია: კანონიერება; ფიზიკური პირის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების დაცვა და პატივისცემა; პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორის და პროკურატურის სხვა მუშაკის საქართველოს იუსტიციის მინისტრისადმი დაქვემდებარება; პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით..