1307
2013.02.12
რას ავალდებულებს სასამართლო მოხელეს კომუნიკაციის სტანდარტი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოების თანამშრომლებს მოქალაქეებთან კომუნიკაციისათვის სპეციალური სტანდარტი გააჩნიათ, რომლის დაცვაც ყველა თანამშრომლისათვის სავალდებულოა. აღნიშნული სტანდარტი მათ ავალდებულებთ, რომ მოქალაქეს მეგობრულად (მაგრამ არაფამილარულად) მიესალმოს და გაუღიმოს. მოხელის კომუნიკაცია მოქალაქესთან უნდა ატარებდეს უწყვეტ ხასიათს. დაუშვებელია მოქალაქესთან კომუნიკაციის თანადროულად ნებისმიერი სხვა მოქმედების შესრულება (მაგ. ჭამა, სმა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მესამე პირთან საუბარი, საბუთების დაწყობა, კომპიუტერში რაიმეს კეთება და ა.შ.).მოხელემ ყურადღებით უნდა მოუსმინოს და არ გააწყვეტინოს სათქმელი მოქალაქეს.არაიურისტ მოქალაქესთან კომუნიკაციისას უნდა გამოიყენოს იურიდიული განათლების არმქონე, ჩვეულებრივი, გონიერი ადამიანისათვის გასაგები ტერმინოლოგია და განმარტოს იმგვარ ცნებათა მნიშვნელობა, რაც მოქალაქისათვის არ იქნება გასაგები. მოხელემ მოქალაქეს უნდა მიაწოდოს მის ხელთ არსებული სრული და უტყუარი ინფორმაცია. თუ მოხელეს ეჭვი ეპარება გასაცემი ინფორმაციის ნამდვილობაში, მან უნდა მოიხადოს ბოდიში და გადაამოწმოს ინფორმაციის ნამდვილობა კომპეტენტურ მოხელესთან. მოხელე ვალდებულია თავად მოიძიოს მისთვის უცნობი, მაგრამ დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ მართებულ მიზეზთა გამო ვერ ხერხდება მოქალაქის რაიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება, მოხელე ვალდებულია გამოხატოს მწუხარება აღნიშნულის თაობაზე (`ვწუხვარ, მაგრამ...”) და დაასაბუთოს უარი. თუ აუცილებელი გახდა მოქალაქის გადამისამართება სხვა პირთან, ამ დროს მოხელემუნდა მიუთითოს გადამისამართების სუბიექტის მაქსიმალურად სრულყოფილი საკონტაქტო მონაცემები (სახელი და გვარი; თანამდებობა; სახელწოდება; მისამართი; ტელეფონისა და ფაქსის ნომრები; ელექტრონული ფოსტის მისამართი; სამუშაო საათები). მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში ეს მონაცემები უნდა მიეწოდოს წერილობითი ფორმით. თუ მოქალაქე უკმაყოფილოა მომსახურებით და ეს უკმაყოფილება გამოწვეულია დაწესებულების ბრალით, მოხელემ უნდა აღიაროს აღნიშნული, მოიხადოს ბოდიში და რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად, თუნდაც იგი უშუალოდ მისი ბრალით არ იყოს გამოწვეული.