არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიზნები და პროცედურები935 2013.02.13
არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მიზნები და პროცედურები
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ერთ–ერთი ყველაზე სენსიტიური თემაა, როგორც ამ სფეროს მესვეურებისათვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისათვის. ამ საკითხის ეფექტურად და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტის მიზნით მოქმედებს არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. აღნიშნული პროგრამა რეფორმების გატარებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს: არასრულწლოვანთა დანაშაულის ეფექტური პრევენცია; საკანონმდებლობის ბაზის დახვეწა; პასუხისმგებლობისა და საპატიმრო სასჯელის ალტერნატივების შემუშავება და დანერგვა; კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია; არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება და მუდმივი გადამზადება; კვლევისა და ანალიზის შესაძლებლობების გაძლიერება, სტატისტიკის დახვეწა. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პროკურორს უფლებას აძლევს არ განახორციელოს დევნა არასრულწლოვანის მიმართ გარკვეულ შემთხვევებში.პროკურორს აქვს უფლებამოსილება განარიდოს არასრულწლოვანი სისხლის სამართალწარმოებას და მის შედეგებს. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ფარგლებში, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე პროკურორს აქვს შესაძლებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი უკავშირდება სოციალურ მუშაკს და გადასცემს მას არასრულწლოვანის საქმეს. სოციალური მუშაკი შეიმუშავებს არასრულწლოვანის ბიოფსიქოსოციალურ პორტრეტს, რის საფუძველზე განისაზღვრება, თუ რომელი პირობის შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. ამის შემდეგ, მედიაციის ფარგლებში, რაც აღდგენითი მართლმსაჯულების ელემენტებს მოიცავს, მხარეები შეთანხმდებიან სამოქალაქო ხელშეკრულების პირობებზე, მათ შორის არასრულწლოვანის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ. აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დაზარალებული. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს გაეწევა მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე. არასრულწლოვანის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი. თუმცა შესაძლოა, რომ არასრულწლოვანმა არ გამოიყენოს მისთვის მიცემული ეს ერთი შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. ასეთ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი არასრულწლოვანის საქმეს კვლავ პროკურორს დაუბრუნებს. პროკურორი კი უფლებამოსილია დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა ამ არასრულწლოვანის მიმართ. მომზადებულია www.justice.gov.ge–ის მიხედვით