სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შევა759 2013.02.15
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შევა
დღეს იუსტიციის მინისტრმა იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევა. ცვლილებების პროექტის მიხედვით ადვოკატის უფლებამოსილება იზრდება. “ადვოკატს ექნება უფლება თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სახელით, გაასაჩივროს განაჩენები სააპელაციო და საკასაციო, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილება, რისი უფლებაც აქამდე ადვოკატს თვითონ არ ჰქონდა. აგრეთვე ადვოკატს ექნება უფლება მოითხოვოს სასამართლოსგან ისეთი საგამოძიებო ქმედებების ჩატარება, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება. რა თქმა უნდა ადვოკატი ამას თვითონ ვერ გააკეთებს, ამისათვის მას უნდა ჰქონდეს უფლება მიმართოს სასამართლოს, რომ სასამართლომ განახორციელებინოს საგამოძიებო ორგანოს ამოღების თუ ჩხრეკის ქმედება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცვლილებები შეეხება პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების საკითხსაც. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება შეეძლება არა მარტო სახელმწიფო, არამედ ნებისმიერ კვალიფიციურ ექსპერტს. ცვლილებები შეეხება კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებსაც, მათ ექნებათ ვალდებულება საჭიროების შემთხვევაში გასცენ ინფორმაცია. წულუკიანის თქმით, ასევე, დაიწევს ჯარიმის ზედა ზღვარი სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისას და თუკი აქამდე მოსამართლეს შეეძლო 50–დან 5 000–მდე ლარით დაეჯარიმებინა პირი, ცვლილებების შესვლის შემთხვევაში ზედა ზღვარი 500 ლარი იქნება.