1652
2013.02.18
ერეკლე II–ის მიერ გამოტანილი რამდენიმე საინტერესო განაჩენი
იუსტიციის სამინისტროს არქივი არაერთ საინტერესო დოკუმენტს ინახავს. დოკუმენტებს შორისაა მეფე ერეკლე II–ის მიერ გამოტანილი რამდენიმე განაჩენი, მათ შორის სისხლის სამართლის საქმეზეც. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სადავო მამულის გამო მომხდარი ჩხუბის დროს, დიდებულების - ალავერდელის, ჩოლოყაშვილისა და ენისელთმოურავის ყმებს თოფით მოუკლავთ თავადი პართენ მდივნის შვილი და აზნაური მაჭავარიანი.
1794 წლის 20 ოქტომბერს ერეკლე II-მ მკვლელობის საქმე განიხილა და განაჩენი ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის 28-ე მუხლის მიხედვით გამოიტანა: „საქართველოს მეფემან მეორემან ირაკლიმ ეს სამართალი მივეცით, რადგანაც ყმათ მოეხდინათ შფოთი, მკვლელნი რომელნიც არიან, ისინი უნდა სამართალს მოსცენ და ერთობით უნდა სისხლი დაუურვონ*. პართენ მდივნის შვილი მესამე თავადათ ჩავარდა. მესამე თავადის სისხლის, სანატრელის მეფის ვახტანგის სამართლის წიგნით, „კÀ" (28) სამას ორთხმოცდაოთხი თუმანი არის გაჩენილი. მაჭავარიანის სისხლი აქ მოხსენებული არ არის. იმისი სისხლი სხვა განაჩენით გაჩნდება."
მკვლელ ყმებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმის - სამას ოთხმოცდაოთხი თუმანის გადახდა. განაჩენში დამნაშავეთა ვინაობა არ არის მითითებული.
გადაჩენის აღსრულება იასაულ ალექსანდრეს დაევალა.
საინტერესოა ასევე, ერეკლე II–ის მიერ გამოტანილი განაჩენი ობოლი ბავშვის მსახურად წაყვანის თაობაზე. მეფეს საჩივრით მიმართა მამუკა გუგულაშვილის ქვრივმა. თავის არზაში ქვრივი ჩიოდა, რომ მუხრანბატონის აზნაურიშვილს უკანონოდ, მსახურად წაეყვანა მისი ათი წლის შვილი.
მეფემ საჩივარი განიხილა და გადაწყვეტილება ქვრივის სასარგებლოდ მიიღო. მან სახლთუხუცეს იოვანე მუხრანბატონს უბრძანა, აზნაურიშვილს ობოლი ბავშვი დედისთვის დაებრუნებია, რადგან ჯერ მხოლოდ "ყმაწვილი" იყო:
"რადგან ყმაწვილი ყოფილა ისევ თავის დედას მოსცეს თავისი შვილი იმ შენმა აზნაურიშვილმა. გაიზარდოს და ისე იმსახუროს, უნდა დააცალოს მანამდისინ თხუთმეტი, თექვსმეტი წლის შეიქმნას".
ერეკლე II-ს ქვრივმა არზა 1785 წლის 27 იანვარს გაუგზავნა. მეფემ განაჩენი მეორე დღესვე, 28 იანვარს გამოიტანა.
როგორც ჩვენამდე მოღწეული დოკუმენტები ადასტურებს, ერეკლე II-ს საოჯახო დავების გადაწყვეტაც უწევდა. 1770 წლის 19 დეკემბერს ერეკლე II-მ განიხილა ძმების _ იოსებ და დავით ჯავახიშვილების გაყრის საქმე. მეფემ განაჩენი გამოიტანა ვახტანგ VI-ის კანონთა კრებულის 109-ე მუხლის მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს:
„სანამდის ძმანი ერთად არიან ჭირი, ლხინი, საშოვარი, უშოვრობა, წანართმევი თუ ნაბოძები, ნაპოვნი თუ დაკარგული, ყველა ერთი არის - ძმურად, უფროსმან - საუფროსო,* უმცროსმან - საუმცროსო. თუ თავისის ნაშოვნის საქონლით ან იშოვნა რამე, ან იყიდა, წილს ძმათათვის არას მიაცემინებენ."
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჯავახიშვილებმა გაინაწილეს მთელი ქონება: ყმები, მამული, სასახლე, ვენახი, ზეთის სახდელი, წისქვილი, ჯაზაირი** და სხვა.
საუფროსო წილი მიიღო იოსებ ჯავახიშვილმა, ხოლო საუმცროსო - დავითმა. გარდა ამისა, დავითს დარჩა საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონება, რომელიც არ გაიყო.