რა ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში818 2013.02.19
რა ცვლილებები შედის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები შევა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი პარლამენტს ამ დღეებში წარედგინება. საპროცესო კოდექსში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შედის: ადვოკატს ექნება უფლება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით გაასაჩივროს განაჩენი სააპელაციო და საკასაციო წესით, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების შესახებ. აქამდე გასაჩივრებისათვის ბრალდებულის თანხმობა იყო საჭირო. კანონპროექტი აუქმებს მხარის ვალდებულებას აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებისას წარმოადგინოს მტკიცებულებები "ახალ გარემოებათა შესახებ, რომლებიც უცნობი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის". ადვოკატს ექნება უფლება მოითხოვოს სასამართლოსაგან საგამოძიებო მოქმედებების – ჩხრეკის და ამოღების ჩატარება. ეს მოქმედებები უნდა განახორციელოს იმ გამომძიებელმა, რომელსაც მიმდინარე საქმესთან კავშირი არ აქვს. ჩხრეკასა და ამოღებაზე დაუშვებელია პროკურორის დასწრებაც. კერძო და სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან დააკმაყოფილონ დაცვის მხარის მოთხოვნა და გასცენ მათვის საჭირო ინფორმაცია. ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეხსნებათ ვალდებულება მიმართონ მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებას. მისი ჩატარების უფლება ყველა ლიცენზირებულ ექსპერტს ექნება. მცირდება სასამართლო დარბაზში წესრიგის დარღვევისათვის ჯარიმის ზედა ზღვარიც. ის 5000–ის ნაცვლად 500 ლარამდე შემცირდება. მესამე პირს ენიჭება უფლება გაასაჩივროს მის ქონებაზე ყადაღის შესახებ სასამართლოს განჩინება, რაც მას მოქმედი კანონმდებლობით არ შეეძლო. გათვალისწინებულია აგრეთვე ცვლილებებიც, რომლებიც ეხება პრეიუდიციას, ირიბ ჩვენებას და სხვა მნიშვნელოვან სისხლის საპროცესო ინსტიტუტებს. ცვლილებები ადვოკატებს საშუალებას მისცემთ უფლებრივად გაუთანაბრდნენ პროკურორებს. იუსტიციის სამინისტრო გეგმავს კანონში სხვა ცვილებების შეტანასაც, რომლებიც შეეხება დაზარალებულისათვის უფრო ფართო საპროცესო უფლებების მინიჭებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესების გაუმჯობესებას და საპროცესო შეთანზმების ინსტიტუტის რეფორმას.