1240
2013.02.28
დეკრეტული შვებულება მამებისთვის
დღესდღეობით საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი ფიქრობს, რომ ჩვილის მოვლა მხოლოდ დედების მოვალეობაა. მათ ხშირად სამსახურზე უარის თქმაც კი უწევთ ბავშვის გაჩენის გამო. როგორც ჩანს, იგივე აზრს იზიარებდნენ ქართველი კანონმდებლებიც, რადგან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს მამის დეკრეტულ შვებულებაში გასვლის შესაძლებლობას. აღნიშნულ საკითხზე სრულიად განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდათ ბრიტანელ კანონმდებლებს. ბრიტანეთში 2015 წლიდან ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც მამაკაცებს შესაძლებლობა ექნებათ ბავშის მოსავლელად 6 თვიანი დეკრეტული შვებულება აიღონ. ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ბავშვის დედა სამსახურში დაბრუნებას გადაწყვეტს. ოჯახში ძირითად შემომტან ქალს შეეძლება სამსახურს მშობიარობიდან ორ კვირაში დაუბრუნდეს. აღნიშნული კანონით ქალები შვებულებას ავტომატურად მიიღებენ და მისი მეუღლისათვის გადაცემა განცხადების საშუალებით შეეძლებათ. კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობაა შვედეთში, სადაც 16 თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება მამასაც ისევე ეკუთვნის, როგორც დედას. ანაზღაურებას სახელმწიფო და დამსაქმებელი ინაწილებენ. სულ მცირე ორი თვით მამებიც ისევე რჩებიან სახლში შვილის მოსავლელად, როგორც დედები. საინტერესოა, მსგავსი კანონის მიღების შემთხვევაში, რამდენად გამოიყენებდნენ ქართველი მამაკაცები ამ შესაძლებლობას.