აბრაზე ქართული წარწერა სავალდებულო გახდება1324 2013.03.07
აბრაზე ქართული წარწერა სავალდებულო გახდება
საქართველოს პარლამენტში შევიდა "რეკლამის შესახებ " კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის ინიციატორი და ავტორი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტია. ცვლილების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირები ვალდებული იქნებიან თავიანთი აბრა გაავრცელონ ქართულ ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე. ცვლილება არ გამორიცხავს, რომ წარწერა ქართულ ენასთან ერთად, სხვა ენაზეც შესრულდეს. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, კანონპროექტის მიზანი სახელმწიფო ენის დაცვაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბრა მხოლოდ ინგლისურ ენაზეა, რაც აკნინებს სახელმწიფო ენას. პროექტში აღნიშნულია ისიც, რომ აქამდე ტერმინი" აბრა" არ იყო განმარტებული "რეკლამის შესახებ" კანონში და იგი არ ექცეოდა აღნიშნული კანონის რეგულაციაში. კანონპროექტში ტერმინი "აბრა" განმარტებულია შემდეგნაირად : ნებისმიერი ფორმისა და ზომის წარწერა, რომელიც განთავსებულია იურიდიული ან ფიზიკური პირის ობიექტზე და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ ობიექტზე მდებარეობს ოფისი, სავაჭრო ფირმა, ორგანიზაცია და ა.შ. კანონპროექტის განხილვა კომიტეტებსა და პლენარულ სხდომაზე თვის ბოლოსთვის იგეგმება.