თელავში ვიდეოპაემნის სერვისი ამოქმედდა771 2013.03.11
თელავში ვიდეოპაემნის სერვისი ამოქმედდა
2013 წლის 11 მარტიდან, თელავში, კახეთის პრობაციის ბიუროს ოფისში, ამოქმედდა ვიდეოპაემნის სერვისი, რომელიც ნებისმიერ პირს საშუალებას აძლევს, მსჯავრდებულთან დაამყაროს პირდაპირი ვიზუალური და ხმოვანი კავშირი. აღნიშნული სერვისის ამოქმედებას საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო. ვიდეოპაემნის სერვისი, რომელიც საზოგადოებასთან მსჯავრდებულის ინტენსიური კონტაქტის შენარჩუნებას უწყობს ხელს, ამ ეტაპზე უკვე ხორციელდება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და თელავის პრობაციის ბიუროების ოფისებიდან, საიდანაც შესაძლებელია დაკავშირება რუსთავის #16, რუსთავის #17, დაბა ქსნის #15 და არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებთან. ვიდეოპაემნის სერვისით სარგებლობა ერთდროულად შეუძლია 3 პირს. მისი ხანგრძლივობა 15 წუთით, ხოლო ღირებულება 15 ლარით განისაზღვრა. მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია ათი კალენდარული დღის განმავლობაში, არაუმეტეს ერთხელ. ახლო მომავალში პრობაციის ეროვნული სააგენტო ზემოაღნიშნული სერვისის დანერგვას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.