1201
2013.03.20
უზენაესი სასამართლოს განმარტება იპოთეკით უზრუნველყოფაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთაიპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლებთან დაკავშირებით (Nას-285-269-2011). მითითებულ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ იპოთეკა, როგორც სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც არსებობს იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის, ემსახურება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას, რომლის მონაწილეებიც არიან კრედიტორი (მოთხოვნის მფლობელი) და მოვალე. ამდენად იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153.1 მუხლის დანაწესის გათვალისწინებით იგი არც შეიძლება არსებობდეს იმ უფლების გარეშე, რომელთანაც დაკავშირებულია. საყურადღებოა იპოთეკის წარმოშობისა და ძალაში შესვლის საკითხი. იპოთეკის ლეგიტიმურობა განისაზღვრება საჯარო რეესტრში ამ უფლების რეგისტრაციით. ამასთან, განსხვავებით ძველი რედაქციის იმპერატიული დათქმისაგან,მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, გარიგებაში აღინიშნება თუ არა უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობის (მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების ღირებულება) მითითებას, სამართლებრივი დატვირთვა აქვს როგორც მესაკუთრისათვის, ასევე მესამე პირებისათვის, რომლებთან მიმართებაშიც მოქმედებს საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია.ვინაიდან იპოთეკა ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ ამ მოცულობის ფარგლებში უნდა მოხდეს სანივთო უფლების გამოყენება და მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა. ამგვარი განმარტება გამომდინარეობს თვით იპოთეკის ნორმატიული ბუნებიდან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.ანუ თანამდევი მოთხოვნები, ისეთი როგორიცაა მაგალითად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ზიანის ანაზღაურება არ შეიძლება დაკმაყოფილდეს იპოთეკიდან, თუ მხარეებმა წინასწარ განსაზღვრეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა და იპოთეკის შინაარსი ამგვარ დათქმას არ ითვალისწინებდა. რაც შეეხება იპთეკით დატვირთული უძრავის ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების მიქცევას სხვა ხარჯებზე, როგორიცაა აღსრულებისა და სასამართლო ხარჯები, ამაზე პასუხს იძლევა სამოქალაქო კოდექსის 308-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები უნდა დაიფაროს შემდეგი რიგითობით: პირველ რიგში ხარჯები, ხოლო შემდეგ კრედიტორის მოთხოვნა სრული ოდენობით. თუ ამონაგები თანხით სრულად არ იფარება ხარჯები, განსხვავების გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს. მოცემული ნორმის ანალიზიდან ცალსახად შეიძლება დავასკვნათ, რომიპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლიდან მოთხოვნები იფარება სასამართლო და სააღსრულებო ხარჯების დაფარვის შემდეგ, ხოლო თუ მხარეებმა გარიგებაში მიუთითეს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, მოთხოვნა იფარება მხოლოდ ამ ოდენობის გათვალისწინებით. გადაწყვეტილება სრულად