1124
2013.03.28
უცხოეთში სწავლა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება
უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებისათვის სახსრები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. “საქართველოს მოქალაქეების მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების ხელშეწყობის შესახებ” ბრძანებულებას მიხეილ სააკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა და “საკანონმდებლო მაცნეშიც” გამოქვეყნდა. დოკუმენტის თანახმად, დაფინანსების მიღება კონკურსის საფუძველზე მოხდება. ასეთი მოქალაქეების შერჩევის მიზნით, საკონკურსო კომისია შეიქმნება, რომლის შემადგენლობასაც პრეზიდენტი განსაზღვრავს. კომისია კონკურსის გამოცხადებას, კონკურსის ჩატარების ვადებისა და კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრას უზრუნველყოფს. ამასთან, კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების შერჩევის შესახებ და განსაზღვრავს მათი დაფინანსების ოდენობას. პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს, რომლის ასაკიც 40 წელს არ აღემატება და რომელიც მაგისტრის აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს შერჩეულ პირთა სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პრეზიდენტის ბრძანებულებით, სწავლის საფასურის უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე გადარიცხვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული პირის სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურების მიზნით, შესაბამისი თანხა ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, შერჩეული პირის საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება. ამავე დროს, პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დოკუმენტში ნათქვამია,რომ რომ შერჩეული პირი ვალდებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესაბამისი სასწავლო წლის/წლების დასრულებისთანავე, წარმოადგინოს შესაბამის პერიოდში უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში ,თუ აღნიშნულ დოკუმენტს ვერ წარმოადგენს , პირი ვალდებული ხდება, შესაბამისი ოდენობის თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნოს. წყარო ww.epn.ge