ფილანთროპები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ?1024 2013.04.03
ფილანთროპები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ?
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამზადებენ კანონპროექტს, რომლითაც განისაზღვრება ვინ არის ფილანთროპი, როგორ ეხმარება სხვებს და რა შეღავათები ექნება ამის გამო. პარლამენტი აღნიშნული პროექტის გახილვას გაზაფხულზევე გეგმავს. თუ ბიზნესმენი ქველმოქმედებისთვის თანხას გაიღებს, კანონით ერგება შეღავათი - კერძოდ, მის მიერ გაღებული თანხის ორმაგი ოდენობა დაბეგვრისგან გათავისუფლდება. ინიციატორების განცხადებით,ფილანთროპის სტატუსი იმ მოქალაქეზეც გავრცელდება, ვინც საკუთარი საშემოსავლოს 1-1,5%-მდე თანხას კერძო პირს ან საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს.ამ შემთხვევაში მან წინასწარ უნდა აღნიშნოს, რომ საშემოსავლოს ამ ნაწილს საქველმოქმედო მიზნებით გაიღებს. შესაბამისად, სახელმწიფოც ვალდებული იქნება, თანხა ქველმოქმედებას მოხმარდეს. კანონპროექტი არა მხოლოდ საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, არამედ პროცედურული თუ ბიუროკრატიული მექანიზმების გამარტივებასაც. ინიციატივის დონორი და აქტიური მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“. პროექტის შემუშავებაში სამოცამდე ორგანიზაცია მონაწილეობდა. "ვფიქრობთ, ქართულ კანონმდებლობაში არ არის საკმარისი საფუძველი, რომ ბიზნესს ქველმოქმედების მოტივაცია გაუჩნდეს. ფილანთროპიული საქმიანობის მხარდამჭერი კანონმდებლობა თითქმის ყველა განვითარებულ სახელმწიფოს აქვს და სასურველია, ჩვენს ქვეყანასაც ჰქონდეს. კანონპროექტზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ" – აცხადებენ ინიციატორები. ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით,2012 წლის ბოლოსთვის, მთელი კარიერის განმავლობაში, ყველაზე მეტი თანხა ქველმოქმედებისთვის გაცემული აქვს 57 წლის ბიზნესმენ ბილ გეიტსს - $28 მილიარდი.