1481
2013.04.04
როგორ მივიღოთ ინფორმაცია ბიზნეს სუბიექტის შესახებ
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემები ინახებამეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა, გარდა კანონით დადგენილი საიდუმლო ინფორმაციისა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს რეესტრიდან ამონაწერი/ინფრომაცია. იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს რეესტრში. დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტების შესახებ, მათი რეგისტრაციის დღიდან განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების და მათ საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის შესახებ. მაგალითად, მიმდინარეობს თუ არა სუბიექტის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ინფორმაცია შპს-ს პარტნიორთა და მათი წილების შესახებ, რეგისტრირებული დირექტორების შესახებ, არის თუ არა სუბიექტი რეესტრში რეგისტრირებული და სხვა. რეესტრიდან ინფორმაცია გაიცემა ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მიმართოთ იუსტიციის სახლს და წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);
თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად. მომსახურების საფასური 10–დან 30 ლარამდეა.