1484
2013.04.08
ვინ და როგორ ახორციელებს ნოტარიულ საქმიანობას
ნოტარიატის ინსტიტუტი საფუძველს იღებსძველი რომიდან. ის ასრულებდა გადამწერის ფუნქციას. აღსანიშნავია, რომ ნოტარიუსის კეთილდღეობა რომის იმპერატორების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენდა. მწერლის თანამდებობაზე ინიშნებოდა მხოლოდ რომის მოქალაქე და იგი თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე ინარჩუნებდა.მწერლის მოვალეობაში შედიოდა იურიდიული მასალის ჩაწერასთან ერთად, საჯარო დოკუმენტების მომზადება, საზოგადოებრივი ანგარიშების წარმოება, საჯარო დოკუმენტებიდან ამონაწერისა და ასლების დამზადება, ასევე, სხვადასხვა დეკრეტის მომზადება და ამ დოკუმენტების შენახვა. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით,ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟიდა ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა. მოქალაქე ნოტარიუსის თანამდებობას იკავებს კონკურსის წესით. ნოტარიუსს თანმდებობაზე ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.,,ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონი მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს არ განსაზღვრავს. რაც შეეხება ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრულ ასაკს, იგი უთანაბრდება სახელმწიფო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს. პირს, რომლის ინტერესებსაც შეეხო სანოტარო მოქმედება, ან პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, შეუძლია სანოტარო მოქმედება, ან უარის თქმის დადგენილება გაასაჩივროს სასამართლოში, სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფელის მიხედვით.
ნოტარიუსი სანოტარო მოქმედების შესახებ ცნობებს აძლევს მხოლოდ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა დავალებით, ან ვის მიმართაც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ან მათ წარმომადგენლებს. ნოტარიუსს შეუძლია გაამხილოს მოანდერძის ცნობა ანდერძის არსებობის ან შინაარსის შესახებ მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თავის სანოტარო ბიუროში. ამასთანავე, ნოტარიუსი უფლებამოსილია, კლიენტის მოთხოვნით, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედება შეასრულოს სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ. ამ შემთხვევაში, აქტში უნდა მიეთითოს სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი.
ნოტარიუსი ვალდებულია კანონით განსაზღვრული საზღაურის განაკვეთების თაობაზე ინფორმაცია განათავსოს თვალსაჩინო ადგილას.