855
2013.04.30
ბრიტანეთმა საპატიმროებში წესრიგი გაამკაცრა
ბრიტანეთის ხელისუფლებამ საპატიმროებში წესრიგი გაამკაცრა და პატიმრებს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები დაუწესა. აქამდე პატიმრებს შეეძლოთ სხვადასხვა სპორტულ სახეობებში ვარჯიში და 18 ყველაზე რეიტინგული ექსტრემალური ვიდეო–თამაშის გამოყენება. თუმცა ამიერიდან მათთვის "მსუბუქი ცხოვრება" მთავრდება. ბრიტანელების შეფასებით პატიმრებისთვის "სპარტანული ცხოვრება" იწყება. მათ მოუწევთ უნიფორმის ტარება და ფიზიკური მუშაობა. მათ, ვინც სიბეჯითით ან სწავლისადმი ინტერესით გამოიჩენს თავს, შეეძლებათ ტელევიზორით და სპორტული დარბაზით სარგებლობა, ასევე საკუთარი ტანსაცმლის ტარება და თავისივე გამომუშავებული ფულის ციხის მაღაზიაში დახარჯვა. პატიმრებს, რომლებიც გააჩენენ ხანძარს, დააზიანებენ საკანს ან ციხის სხვა ქონებას, მოუწევთ კომპენსაციის გადახდა. პირველი ორი კვირის განმავლობაში პატიმრებს მოუწევთ უნიფორმის ტარება და ტელევიზორისა და მაღაზიის გამოყენებაზე უარის თქმა. შემდეგ კი ვალდებული იქნებიან შეურთდნენ სხვადასხვა სამუშაო პროგრამას, განათლების ან ნარკოტიკების რეაბილიტაციის კურსს თუ სხვა მიზნობრივ პროგრამას. პატიმრების სამუშაო დღე დილის 9–დან საღამოს 5 საათამდე გაგრძელდება. თუ ისინი უარს იტყვიან ასეთ პროგრამებზე, მათ მოუწევთ პირველი ორი კვირის მსგავს რეჟიმში გაგრძელება. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ასეთი რეჟიმი ხელს უწყობს იმას, რომ პატიმრებმა იცხოვრონ ისეთი რეჟიმით , როგორც გარეთ მოუწევთ ყოფნა.
წყარო dailymail.co.uk