მშრომელთა საერთაშორისო დღე და მისი ისტორია1498 2013.05.01
მშრომელთა საერთაშორისო დღე და მისი ისტორია
დღეს, 1 მაისს, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა და, მათ შორის, საქართველოც მშრომელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა ჯერ კიდევ 1880–იანი წლების პერიოდს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება.1886 წელს ჩიკაგოში სამუშაო საათების რვა საათამდე შემცირების მოთხოვნით მშრომელთა მასობრივი დემონსტრაცია მიმდინარეობდა, პოლიცია კი მათ დაშლას ცდილობდა.ერთ–ერთმა დემონსტრანტმა პოლიციელების მიმართულებით დინამიტი ისროლა, რის საპასუხოდაც სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს. ჯამში, ათობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყვნენ პოლიციელებიც. ამ მოვლენების გამო სასამართლომ შვიდ ბრალდებულს მიუსაჯა სიკვდილით დასჯა, ერთს კი 15 წლიანი პატიმრობა. სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა. 1 მაისმა განსაკუთრებული მნიშვნელობა საბჭოთა კავშირში და სხვა კომუნისტური მმართველობის სახელმწიფოებში შეიძინა. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით საქართველოში ამ დღეს“მშრომელთა სოლიდარობის დღეს” ან “კომუნისტურ დღესასწაულს” უწოდებენ. დღეისათვის აშშ-ში 1 მაისი, როგორც მასობრივი უქმე დღე გაუქმებულია. 1 მაისს აშშ–ში ლოიალობის დღე აღინიშნება, ხოლო მშრომელთა უფლებების დღე – სექტემბრის თვეში. გარდა შეერთებული შტატებისა, მშრომელთა დღეს განსხვავებული თარიღებით აღნიშნავენ კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, რაც ამ ქვეყნებში მშრომელთა მოძრაობის საკუთარ ისტორიას უკავშირდება. 1955 წლიდან კათოლიკურმა ეკლესიამ 1 მაისი ბიბლიური იოსების ხსენების დღედ გამოაცხადა, რომელიც მუშათა და ხელოსანთა რელიგიურ მფარველად მიიჩნევა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღეს გამართული აქციები, ძირითადად, შრომის კოდექსსა და დასაქმებულისა და დამსაქმებლის თანაბარ პირობებში ჩაყენების მოთხოვნისკენაა მიმართული. გამონაკლისი არც საქართველოა. დღეს ახალი შრომის კოდექსის კიდევ ერთხელ გადახედვის მოთხოვნით რამდენიმე აქცია იმართება.