იუსტიციის სამინისტრო კერძო სამართლის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს842 2013.05.02
იუსტიციის სამინისტრო კერძო სამართლის რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, იუსტიციის სამინისტროში კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელისაკონსულტაციო საბჭო შეიქმნა. ჯგუფის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს, 2 მაისს, გამართეს. საბჭოს შეკრებას ესწრებოდნენ საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და საბჭოს წევრები - სამინისტროს სამართალშემოქმედებისა და ანალიტიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ, აგრეთვე, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, სამეცნიერო და სტუდენტური წრეების წარმომადგენლები. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ. მან კერძო სამართლის რეფორმირების აუცილებლობის წარმომშობი პრობლემების შესახებ ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იუსტიციის სამინისტრო რეფორმის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ფენას თანამშრომლობას სთავაზობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შემდგომ მათზე მუშაობის პროცესი გამჭვირვალე იყოს, რათა კერძო სამართლის რეფორმის სტრატეგიაში ყველა ღირებული წინადადება თუ შენიშვნა აისახოს. კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელისაკონსულტაციო საბჭოს მუშაობა კერძო სამართლის სფეროში არსებული პრობლემური საკითხების განხილვით გაგრძელდა. მათი იდენტიფიცირების შემდეგ საკონსულტაციო საბჭომ სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაზე იმსჯელა, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს. კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელისაკონსულტაციო საბჭო მინისტრის ბრძანებით შექმნილი ორგანოა, რომლის მიზანია კერძო სამართლის რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და პერიოდული განახლება; კერძო სამართლის ცალკეული მიმართულების რეფორმირების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება, მათ საფუძველზე კანონპროექტების მომზადება. საბჭო საკანონმდებლო ინიციატივებს იუსტიციის მინისტრს წარუდგენს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის სხდომაზე კანონპროექტის ინიცირების თაობაზე