რას კრძალავს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ1845 2013.05.08
რას კრძალავს კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ
როგორც ვიცით, საქართველო ითვლებამაღალხარისხოვანი მევენახეობა-მეღვინეობის ზონად. ამ სფეროს რეგულირებისთვის არსებობს კანონი "ვაზისა და ღვინის შესახებ", რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მევენახეობა-მეღვინეობის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგის, განვითარებას, კონკურენტუნარიანი ყურძნის, ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასა და რეალიზაციას, ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციისაგან სამომხმარებლო ბაზრის დაცვას. აღნიშნული კანონის მიხედვით, საქართველოში წარმოებული ღვინოების სამგვარი კლასიფიკაცია ასრებობს. ხარისხის მიხედვით: სუფრის, მხარის, სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის,სპეციფიკურ ზონებში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებული უმაღლესი ხარისხის . ტიპების მიხედვით: მშრალი, ნახევრადმშრალი, ტკბილი, ნახევრადტკბილი, ცქრიალა, შუშხუნა, შემაგრებული, არომატიზებული. ფერის მიხედვით: თეთრი, ვარდისფერი, წითელი. მეღვინეობის პრაქტიკაში აკრძალულია: ყურძნის წვენისა და კონცენტრირებული ყურძნის წვენის დადუღება ღვინის მისაღებად; ღვინის წარმოება ჭაჭისაგან, ლექისა და ქიშმიშისაგან; გამოხდისათვის განკუთვნილი შემაგრებული (დასპირტული) პროდუქტის გამოყენება ღვინის წარმოებაში; ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე ნებისმიერი წარმოშობის ეთილის სპირტის დამატება, გარდა შემაგრებული ღვინოების წარმოების დროს და ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორის დასამზადებლად გამოყენებული საბრენდე სპირტისა; ღვინის წარმოების ყველა ეტაპზე საქაროზას დამატება, გარდა ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის განკუთვნილი ლიქიორისა; გლიცერინისაგან, მღებავი ნივთიერებებისაგან, ესენციებისაგან ან/და სხვა არაყურძნისეული კომპონენტებისაგან ან/და ქიმიური რეაგენტების გამოყენებით ღვინის დამზადება; ღვინოპროდუქციისათვის იმ ნივთიერებების დამატება, რომლებიც არ არის ნებადართული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით. კანონი ადგენს იმ აუცილებელი ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც დატანილი უნდა იყოს პროდუქციის ეტიკეტზე. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) პროდუქციის სახელწოდებას; ბ) ნომინალურ მოცულობას; გ) ფაქტობრივ მოცულობით სპირტშემცველობას; დ) სუფრის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „სუფრის ღვინო“; ე) მხარის ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „მხარის ღვინო“ და მხარის დასახელებას; ვ) ადგილწარმოშობის დასახელების (ა.დ.) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო“; ზ) სპეციფიკურ ზონაში წარმოებული ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი (ა.დ.კ.) ღვინის შემთხვევაში – აღნიშვნას „ადგილწარმოშობის კონტროლირებადი დასახელების ღვინო“ (ან „ა.დ.კ.“) და წარმოშობის ადგილის (სპეციფიკური ზონის) დასახელებას ცალკე ან ამ აღნიშვნასთან ერთად; თ) აღნიშვნას „ქართული ღვინო“; ი) ცქრიალა, შუშხუნა, შემაგრებული და არომატიზებული ღვინოების შემთხვევაში – შესაბამის აღნიშვნას: „ცქრიალა ღვინო“, „შუშხუნა ღვინო“, „შემაგრებული ღვინო“, „არომატიზებული ღვინო“; კ) მწარმოებლის დასახელებას; ლ) ჩამომსხმელის დასახელებას, თუ პროდუქციის მწარმოებელი და ჩამომსხმელი სხვადასხვა პირია; მ) ლოტის ნომერს (ნებადართულია, აღინიშნოს კონტრეტიკეტებზე). ექსპორტირებისას პროდუქციის ეტიკეტზე უნდა იყოს აღნიშვნა „დამზადებულია საქართველოში“.საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული ღვინის და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელის ეტიკეტზე წარწერები უნდა იყოს ქართულ ენაზე ან ქართულთან ერთად ერთ-ერთ უცხო ენაზე. ღვინისაგან მიღებული მაგარი სასმელების დამზადება დასაშვებია მხოლოდ ღვინის გამოხდით ან ღვინის ნედლი სპირტის მეორადი გამოხდით მიღებული სპირტებისაგან.ჭაჭისგან ყურძნის არყის დამზადება დასაშვებია დადუღებული (ფერმენტირებული) ჭაჭის დისტილაციით პირდაპირი წყლის ორთქლით ან წყლის დამატების შემდეგ.