რას უკრძალავს კანონი პარლამენტის წევრს925 2013.05.15
რას უკრძალავს კანონი პარლამენტის წევრს
საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსს, მის უფლებამოსილებას, პასუხისმგებლობას, საქმიანობის წესსა და გარანტიებს აწესებს საქართველოს კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ. კანონის მიხედვით,თავისი მოვალეობის შესრულებისას პარლამენტის წევრი შეზღუდული არ არის ამომრჩეველთა და მისი წარმდგენი პოლიტიკური ორგანიზაციების განაწესებითა და დავალებებით. თუმცათავისუფალი მანდატი მას არ ათავისუფლებს ამომრჩევლებთან მუშაობისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისაგან პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. კანონმდებლობის მიხედვით, დაუშვებელია პარლამენტის წევრის სტატუსთან სამეწარმეო საქმიანობის ან სახელმწიფო სამსახურში რაიმე თანამდებობის შეთავსება, მაგრამ ის შეიძლება ფლობდეს აქციებს, წილს და სხვა ქონებას. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს: ა) უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; ბ) უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი; გ) იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში. პარლამენტის წევრი იმავდროულად შეიძლება ეწეოდეს სამეცნიერო, პედაგოგიურ, სახელოვნებო საქმიანობას, თუ ასეთი საქმიანობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ასევე შეუძლია ეწეოდეს პარტიულ საქმიანობას, ეკავოს ნებისმიერი თანამდებობა პარტიულ და საზოგადებრივ ორგანიზაციებში. ახალარჩეული პარლამენტის წევრი ვალდებულია უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან შეწყვიტოს შეუთავსებელი სამსახური. თუ პარლამენტის მიერ მისი უფლებამოსილების დადასტურებამდე პარლამენტის წევრმა არ შეწყვიტა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური, პარლამენტი არ ადასტურებს მის, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილებას.