რა უნდა გაითვალისწინოთ ელექტრონული დოკუმენტებით სარგებლობისას847 2013.05.20
რა უნდა გაითვალისწინოთ ელექტრონული დოკუმენტებით სარგებლობისას
საქმიან ურთიერთობებში დღითი–დღე უფრო ხშირად გამოიყენება ელექტრონული დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტების გამოყენებისას უნდა ვიცოდეთ, როგორ არეგულირებს კანონი აღნიშნულ სფეროს. საქართველოს კანონი ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ, სწორედ აღნიშნული სფეროს სამართლებრივი რეგულირების მიზნით შეიქმნა. აღნიშნული კანონის მიხედვით,ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი.ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალად ითვლება. ელექტრონული დოკუმენტის მატერიალური დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის დროს მისი დამოწმება ან/და დადასტურება ხდება ხელმომწერის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული დოკუმენტის ფორმატში გადაყვანის დროს მისი დამოწმება ან/და დადასტურება ხდება ხელმომწერის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ციფრული ხელმოწერით. ასეთი ელექტრონული დოკუმენტი მიიჩნევა მატერიალური დოკუმენტის ასლად და აქვს მისი თანაბარი იურიდიული ძალა. ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი ითვლება გაგზავნილად იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი გადის ხელმომწერის კონტროლის არედან და მისი უკან გამოწვევა შეუძლებელია.მიღებულად კი ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი შედის ადრესატის საინფორმაციო სისტემაში და ხელმისაწვდომია მისთვის. სასამართლომ არ შეიძლება უარი თქვას ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული ხელმოწერის მტკიცებულების სახით დაშვებაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი წარმოდგენილია ელექტრონული ფორმით.