რა უფლებებს ანიჭებს კანონი პროფკავშირებს799 2013.05.22
რა უფლებებს ანიჭებს კანონი პროფკავშირებს
საქართველოში პროფესიული კავშირების საქმიანობას აწესრიგებს საქართველოს კანონი პროფესიული კავშირების შესახებ. აღნიშნული კანონი პროფკავშირებს გარკვეულ უფლებებს ანიჭებს და მათი დაცვის გარანტიებსაც განსაზღვრავს. კანონის მიხედვით, პროფკავშირების უფლებებია: მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება; დასაქმებისადმი ხელშეწყობის უფლება; კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულებისა და შეთანხმების დადებისა და შესრულებისადმი კონტროლის უფლება; კოლექტიური შრომითი დავის გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება; ინფორმაციის მიღება და განხილვა (მიიღონ და განიხილონ საწარმოთა ადმინისტრაციის, დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან თავისი საწესდებო საქმიანობის უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფორმაცია შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე); პროფკავშირული მუშაკის სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლება; შრომის კანონმდებლობის დაცვისადმი პროფკავშირული კონტროლის უფლება; შრომისა და გარემოს დაცვაში მონაწილეობის უფლება; სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაციაში მონაწილეობის უფლება; საწარმოთა მმართველობის კოლეგიალურ ორგანოებში მონაწილეობა; მუშაკთა ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება შრომითი დავის განმხილველ ორგანოებში. მე–20 მუხლის თანახმად, პროფკავშირებს უფლება აქვთ: პროფკავშირის წევრების შრომითი უფლებების დასაცავად, კანონმდებლობის შესაბამისად, წარადგინოს სარჩელი, შეიტანოს განცხადება და გამოვიდეს სასამართლოში ან შრომითი დავის განმხილველ სხვა ორგანოებში; გაუწიოს პროფკავშირის წევრებს სამართლებრივი დახმარება; შექმნას იურიდიული განყოფილებები და კონსულტაციები თავისი სტრუქტურების ფარგლებში. კანონი სახელმწიფოს ავალდებულებს, პროფკავშირებს ხელი შეუწყოს წესდებით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებაში.