1478
2013.06.12
უზენაესი სასამართლოს განმარტება მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთამართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით (საქმე №ბს-22-22(კ-12)). მოსარჩელის განმარტებით, მან განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მას მეუღლისაგან მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული. მისი მეუღლე ლ. ბ-ი იყო მებაღეობის ამხანაგობის წევრი და აღნიშნული მიწის ნაკვეთი მას, როგორც ამხანაგობის წევრს, 1981 წლის ამხანაგობის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე გამოეყო. მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილ იქნა მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი, თუმცა, სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით ც. ბ-ს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, იმ საფუძვლით, რომ მის მიერ არ იქნა წარდგენილი მებაღის წიგნაკი. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ გარემოების დადგენას,მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენდა თუ არა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების საფუძველს. საკასაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებაში მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ ერთ-ერთ დოკუმენტად მითითებული იყო ,,მებაღის წიგნაკი“,მაგრამ ამავე ბრძანებულების თანახმად, მართლზომიერი მფლობელობა შეიძლება ასევე დადასტურებულიყო ,,სხვა დოკუმენტებით“.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია ც. ბ-ს მიერ ვერც ადმინისტრაციულ ორგანოსა და ვერც სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი მებაღის წიგნაკი (მხარის განმარტებით აღნიშნული წიგნაკი ოჯახს დაკარგული აქვს),მაგრამ როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ისე ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უნდა გამოეკვლიათ და შეეფასებინათ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, რადგან ისინი მიეკუთვნებოდა სწორედ იმ ,,სხვა დოკუმენტებს”, რომელთა საშუალებითაც დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დადასტურება.
იხ. გადაწყვეტილება სრულად >>გადაწყვეტილება