საქართველოში მოქმედ უმცირესობებს ახალი კანონი დაიცავთ715 2013.06.15
საქართველოში მოქმედ უმცირესობებს ახალი კანონი დაიცავთ
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და სხვა სახის უმცირესობებს ახალი კანონი დაიცავთ. ამისშესახებ, წულუკიანმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, კანონპროექტი, რომელიც საქართველოში დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას ითვალისწინებს, უკვე მომზადებულია. "ჩვენ შევხვდით რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ და სხვა სახის უმცირესობის წარმომადგენლებს. თითოეულმა მათგანმა წარმოადგინა ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება უფლებრივი თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, მათ უფლებებს დაცვა სჭირდება, ამ მიზნით ჩვენ ვასრულებთ საზოგადოებისთვის არჩევნებამდე მიცემულ პირობას და უკვე დავასრულეთ მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც ემსახურება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას, რათა ვუზრუნველვყოთ კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, მიუხედავად იმისა თუ რა მოსაზრებები აქვთ მათ, რომელ რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან", - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე განმარტებით, კანონპროექტი რამდენიმე დღის წინ, მინისტრებთან და სამინისტროების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა და ქვეყანაში ამგავრი კანონის არსებობას ყველა მიესალმება. "ახლა, მთავარია კანონპროექტის გაუმჯობესების მიზნით არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციები ვაწარმოოთ, ასევე ბატონმა თომას ჰამერბერგმა გვირჩია, რომ კონსულტაციები გავიაროთ შვედ ექსპერტთან, ამის შემდეგ კანონპრიოექტი საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში შევა", - აღნიშნა წულუკიანმა. წყარო news.ge