1102 2013.06.21
ლუვრის ახალაგაზრდა იტალიელმა თანამშრომელმა, ვინჩენცო პერუჯამ მუზეუმში მისვლის პირველივე დღიდან დაადგა თვალი ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზას". მას სიამაყით აღავსებდა ამ შედევრის იტალიური წარმომავლობა და გადაწყვიტა ის სამშობლოში დაებრუნებინა. ვინჩენცო სამი კვირის განმავლობაში სწავლობდა ლუვრს, მის შესასვლელებს, საკეტებს, დაუმეგობრდა დაცვის თანამშრომლებს. 1911 წლის 21 აგვისტოს კი თავისი გეგმა სისრულეში მოიყვანა. ვინჩენცომ იცოდა, რომ მუზეუმი ორშაბათ დილით სარემონტო სამუშაოების გამო დაკეტილი იქნებოდა. მთელი ღამე მუზეუმში გაატარა, დილით კი, როცა სარემონტო სამუშაოები დაიწყო სპეცტანსაცმელში გამოწყობილმა ჩამოხსნა ნახატი. მის შორიახლოს დაახლოებით 10 კაცი მუშაობდა, თუმცა რატომღაც მისი ქმედებას ყურადღება არ მიაქციეს, ალბათ ვერ წარმოედგინათ რომ ვინჩენცო ნახატის მოპარვას აპირებდა. იტალიელმა ნახატს მოაძრო ჩარჩო და ტილო ტანსაცმელში დამალა. შემდეგ კი გასასვლელიკენ დაიძრა. შემოწმება არ გაუვლია, რადგან დაცვის თანამშრომელი ზუსტად იმ დროს წყლის დასალევად იყო გასული. ვინჩენცომ ნახატი პარიზში თავის ბინაში დამალა. პოლიციამ ყველა თანამშრომლის ბინა გაჩხრიკა, ვინც იმ დღეს ლუვრში იყო თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს. 2 წლის შემდეგ ვინჩენცო იტალიაში დაბრუნდა. ის ფლორენციაში ჩავიდა და ერთ-ერთი გალერიის მეპატრონეს, ალფრედო გერის დაუკავშირდა. ალფრედომ უფიცის გალერიის ხელმძღვანელის დახმარებით დაადგინა ნახატის სინამდვილე. ვინჩენცო ნახატის სამშობლოში დაბრუნებისათვის ჯილდოს ელოდა, მაგრამ ის დააპატიმრეს. ვინჩენცო პერუჯა სასამართოზე ამბობდა, რომ მისი ქმედება პატრიოტიზმით იყო გამოწვეული და ნახატის სამშობლოში დაბრუნება ჰქონდა განძრახული. მართალია ის დააპატიმრეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ პერუჯა იტალიის არმიას შეუერთდა I მსოფლიო ომში. მომზადებულია ucnauri.com–ის მიხედვით