ექიმს ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება ეკისრება819 2013.06.28
ექიმს ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულება ეკისრება
საქართველოს პარლამენტში შესულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათთვის დახამრების აღმოჩენასა და რეაბილიტაციას. კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტარი გუგული მაღრაძეა. კანონპროექტი მომზადდა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს მიერ. როგორც კანონმდებელი განმარტავს, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციის თაობაზე" ევროსაბჭოს კონვენციის პრინციპების კანონმდებლობაში ასახვა. კანონპროექტის მიხედვით, საექიმო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს ეკისრება ვალდებულება, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან გაამჟღავნოს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ ეს დაკავშირებულია ოჯახურ ძალადობასთან და არსებობს ამ ძალადობის განმეორების საფრთხე. ერთ–ერთი მნიშვნელოვანია სიახლეა, რომ კანონპროექტით განისაზღვრება ძალადობის ახალი ფორმა უგულვებელყოფა, რომელიც ეხება ბავშვის მიმართ მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობას. კანონპროექტით, მსხვერპლს ენიჭება უფლება, სახელმწიფოს მიმართოს ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ასევე, მოითხოვოს კომპენსაცია. იმ შემთხვევაში, თუ მშობელმა ან მისმა უფლებამონაცვლემ არასრულწლოვნის აღზრდის, სწავლების, საცხოვრებლით, საკვებით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის უფლებით ბოროტად ისარგებლა, ასევე, არასრულწლოვანმა შეიძინა და მოიხმარა მცირე ოდენობით ნარკოტიკი, ეს გამოიწვევს მშობლის ან მისი უფლებამონაცვლის ადმინსიტრაციულ პასუხისმგებლობას. კანონპროექტის მიხედვით, მსხვერპლს უფლება ენიჭება, სახელმწიფოს მხრიდან უფასოდ ისარგებლოს იურიდიული და პირველადი სამედიცინო დახმარებით. გარდა ამისა, თუ მსხვერპლი არასრულწლოვანია, მისი დაკითხვა უნდა მოხდეს მისი ასაკის შესაბამისი ფსიქოლოგის თანდასწრებით და ამ დაკითხვას არ უნდა დაესწროს მოძალადე მშობელი, ასევე არ შეიძლება მსხვერპლის ჩვენების გაცნობა მოძლადე მშობლისთვის. გარდა ამისა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ძალადობის მსხვერპლთათვის შექმნას 24–საათიანი ცხელი ხაზი, რომელზეც დაკავშირება ნებისმიერი ქსელიდან უფასო იქნება. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 2014 წლის 1 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს ოჯახში მოძალადეთა სარეაბილიტაციო ღონისძიებები, კერძოდ, ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების სავალდბულო კურსი მოძალადეთათვის. წყარო netgazeti.ge