მოვალისა და კრედიტორის ურთიერთობებს ახალი სამართლებრივი მექანიზმები დაარეგულირებს772 2013.07.08
მოვალისა და კრედიტორის ურთიერთობებს ახალი სამართლებრივი მექანიზმები დაარეგულირებს
2013 წლის 8 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს სანივთო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელშიც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე მონაწილეობდნენ, სამინისტროში მომზადებული კანონპროექტები განიხილეს. ცვლილებებისესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე, იძულებითი აუქციონის მომწესრიგებელი ნორმების დახვეწას ითვალისწინებს. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, იპოთეკის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი არ განიხილავს იაფი სესხების გაცემის საკითხს, რადგან იუსტიციის სამინისტროს ამის უფლებამოსილება არ აქვს. „სამაგიეროდ, ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ უკეთესი კანონები, რომ სხვები არ აღმოჩდნენ იმავე პრობლემების წინაშე. ჩვენ გვინდა, დავამტკიცოთ ცვლილებების პროექტი, რომ ადამიანებს აღარ დასჭირდეთ პროცენტზე პროცენტის გადახდა; სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დამტკიცდეს სანოტარო წესით, სადაც შემოწმდება, არის თუა არა მსესხებელი გადახდისუნარიანი, რათა მისი მდგომარეობა არ გამოიყენოს კერძო იპოთეკარმა; ჩვენ გვინდა, დავადგინოთ საპროცენტო ნიხრი, რათა არ მოხდეს შეთანხმება განუსაზღვრელ პროცენტზე; გვინდა, კრედიტორს იმ პირობით ჰქონდეს ქონების დამტკიცების უფლება, თუკი მის საბაზრო ღირებულებასა და მოთხოვნას შორის სხვაობას აუნაზღაურებს მფლობელს", - განაცხადა თეა წულუკიანმა და იმედი გამოთქვა, რომ იუსტიციის სამინისტროს მომზადებულ კანონპროექტს სექტემბერში პარლამენტი კანონად აქცევს. საკანონმდებლო ცვლილებები მოვალის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ვინაიდან არსებული კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მოვალის დაცვის სამართლებრივ მექანიზმს კრედიტორის მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. არცთუ იშვიათად კრედიტორი თავადაა დაინტერესებული მოვალის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით, რათა მას მიეცეს იპოთეკით დატვირთული ქონების თავის საკუთრებაში მიქცევის შესაძლებლობა. კრედიტორისადმი ზედმეტად ლოიალურია პროცენტიანი სესხის მარეგულირებელი ნორმებიც. მას სრული თავისუფლება ენიჭება, სესხად გაცემული თანხიდან მიიღოს ნებისმიერი ოდენობის სარგებელი. ამასთან, კანონმდებლობით დასაშვებია არა მხოლოდ სესხის ძირითადი თანხიდან, არამედ პროცენტიდან პროცენტის დარიცხვაც, რაც კიდევ უფრო ართულებს მოვალის მდგომარეობას. ამ ვითარების გამოსწორების მიზნით, საკანონმდებლო დონეზე დაიგეგმა შემდეგი ცვლილებები: განისაზღვრება იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულების სანოტარო წესით დადასტურების ვალდებულება; კრედიტორს უნარჩუნდება უფლება, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, მიიღოს ქონება საკუთრებაში, თუმცა, მხოლოდ ქონების საბაზრო ღირებულებასა და მოთხოვნის ოდენობას შორის არსებული სხვაობის მოვალისთვის ანაზღაურების პირობით; დაუშვებელი იქნება პროცენტიდან პროცენტის გადახდა; განისაზღვრება იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებებისათვის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი; სავალდებულო გახდება აუქციონის ჩატარების შესახებ მხარეთა ინფორმირება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს აუქციონში მხარეთა მონაწილეობა.