1770
2013.07.17
განმარტება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციასთან დაკავშირებით
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ დეფინიციასთან დაკავშირებით (საქმე #ბს-1896-1849(კ-10)). საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულიყო იძულებით გადაადგილებულად პირად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა დაეტოვებინამუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებელი “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონთან მიმართებაში იყენებდა ცნებას ,,მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” და არა ,,რეგისტრაციის ადგილი” ან ,,საცხოვრებელი ადგილი”. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ,,საცხოვრებელი ადგილის”, “მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა” და “რეგისტრაციის ადგილის” ცნებების გამიჯვნას.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომსაცხოვრებელი ადგილი იყო უფრო ფართო მნიშვნელობის, რომლის კონკრეტულ სახეს წარმოადგენდა “რეგისტრაციის ადგილი” და “მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”. თუ პირს შეიძლება ჰქონოდა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევდა, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულო იყო პირის ნებასთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის არსებობა. ამასთან, პირის ნება - დაეფუძნებინა საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონოდა ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული იყო აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დადასტურებულიყო, მაგ: გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენდა მუდმივ მაცხოვრებელს. საკასაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეეძლო დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. ამდენად, პირის მიერ საკუთარი ნებით, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპის საფუძველზე მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში იკარგებოდა დევნილად ცნობის მეორე სავალდებულო პირობა – იძულებით გადაადგილების ფაქტი. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომპირადობის მოწმობაში დაფიქსირებული საცხოვრებელი მისამართი ცალსახად არ მიუთითებდა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ პირს შეიძლება ჰქონოდა რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაევლო ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
იხილეთგადაწყვეტილება სრულად